“ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე. და უკვე ვართ საფრთხეში. გასულ წელს, როცა ნატოს გენმდივანი გავხდი, ჩემი გაფრთხილება იყო – რაც უკრაინის თავს ხდება, შეიძლება დაემართოთ ალიანსის ქვეყნებსაც-მეთქი; რომ ომის რეჟიმზე უნდა გადავსულიყავით…”
განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 11 დეკემბერს “მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის” მიერ ბერლინში მოწყობილ ღონისძიებაზე.
“წელს მივიღეთ დიდი გადაწყვეტილებები ნატოს გასაძლიერებლად. ჰააგის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ ყოველწლიურად მშპ-ს 5%-ის ინვესტირებაზე თავდაცვაში 2035 წლისთვის. შევთანხმდით მთელი ალიანსის მასშტაბით თავდაცვითი წარმოების გაზრდაზე. შევთანხმდით უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. თუმცა ახლა არ არის საკუთარი თავისთვის მილოცვების დრო. ვშიშობ, ძალიან ბევრი ჩუმად არის და თვითკმაყოფილია. ძალიან ბევრი ვერ გრძნობს გადაუდებელ აუცილებლობას. და ძალიან ბევრი თვლის, რომ დრო ჩვენს მხარესაა. არ არის ასე”, – აღნიშნა რიუტემ.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, “ახლაა მოქმედების დრო. სწრაფად უნდა გაიზარდოს ალიანსის თავდაცვითი ხარჯები და წარმოება. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეთ, რაც საჭიროა, რომ დაგვიცვან. უკრაინას ახლა უნდა ჰქონდეს, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად”.
მარკ რიუტემ ხაზი გაუსვა ალიანსის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებისა და მოქალაქეების ერთიანობის მნიშვნელობას:
“ჩვენი მთავრობები, პარლამენტები და ჩვენი მოქალაქეები ერთად უნდა იყვნენ ამაში ჩართულები, რომ კვლავაც დავიცვათ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა, ჩვენი ღია საზოგადოებები, ჩვენი თავისუფალი არჩევნები და თავისუფალი მედია. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ცხოვრების ყაიდა ახლა. ვინაიდან, წელს რუსეთი კიდევ უფრო თავხედი, უგუნური და დაუნდობელი გახდა ნატოსა და უკრაინის მიმართ”.
რიუტემ ილაპარაკა უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში რუსეთის ხელშემწყობ ქვეყნებზე და პირველ რიგში დაასახელა ჩინეთი. ის ფიქრობს, რომ ჩინეთის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ომის გაგრძელებას:
“როგორ ახერხებს პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას? პასუხი არის – ჩინეთით. ჩინეთი არის რუსეთის მაშველი რგოლი. ჩინეთს სურს თავის მოკავშირეს აარიდოს უკრაინაში დამარცხება. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ამ ომის გაგრძელებას.
მაგალითად, რუსეთის დრონებისა და სხვა სისტემების კრიტიკული ელექტრონული კომპონენტების 80%-მდე ჩინეთშია დამზადებული. ანუ, კიევსა თუ ხარკოვში მშვიდობიანი მოქალაქეები რომ იღუპებიან, ხშირად ჩინეთის ტექნოლოგიებია იმ იარაღში, რომელიც მათ კლავს. მოდი, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთი ეყრდნობა აგრეთვე ჩრდილოეთ კორეასა და ირანს, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის კუთხით”.
ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო იმის ახსნას, რომ რუსეთი რეალური საფრთხეა ალიანსისთვის და რომ სწრაფად მოქმედება არის ნატოზე რუსეთის თავდასხმის პრევენციის უმთავრესი ფაქტორი:
„მოუსმინეთ სიჩუმეს უკრაინაში. შეხედეთ ნანგრევებიდან ამოტანილ გვამებს. იფიქრეთ უკრაინელებზე, რომლებიც შესაძლოა ღამით მიდიოდნენ დასაძინებლად და დილით ვეღარ იღვიძებდნენ. რა დგას იმას შორის, რაც მათ თავს ხდება და რაც შეიძლება დაგვემართოს ჩვენ? მხოლოდ ნატო!
როგორც ნატოს გენერალური მდივანი ვალდებული ვარ გითხრათ, რა გველის, თუ უფრო სწრაფად არ ვიმოქმედებთ და არ ჩავდებთ ინვესტიციას ღონისძიებებში და არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას.
ვიცი, ეს არის მძიმე გზავნილი, სადღესასწაულო სეზონის მოახლოების ფონზე, როცა ჩვენი ფიქრები იმედის, სინათლისა და სიმშვიდისკენ არის მიმართული.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ გამბედაობა და ძალა, ვიცით რა, რომ ვდგავართ ერთად ნატოში, მტკიცედ და იმის ცოდნით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვართ. ჩვენ გვაქვს გეგმა, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მოდი, შევასრულოთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ”.
რიუტემ პუტინზეც ილაპარაკა:
“პუტინი საკუთარი ხალხის სისხლით იხდის თავისი სიამაყის საფასურს. თუკი ის მზად არის ჩვეულებრივი რუსები ასე გაწიროს, ჩვენ რას გვიზამს? ისტორიასა და მსოფლიოზე თავისი დამახინჯებული თვალთახედვით, პუტინს სჯერა, რომ ჩვენი თავისუფლება მის მიერ ძალაუფლების პყრობას ემუქრება და რომ ჩვენ რუსეთის განადგურება გვინდა. პუტინი ამას თავად შესანიშნავად აკეთებს. რუსეთის ეკონომიკა ახლა ომისთვისაა განკუთვნილი და არა რუსეთის ხალხის კეთილდღეობისთვის”.
ნატოს გენერალური მდივანი შეეხო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ომის დასრულების მცდელობასაც:
“ამ დრომდე პუტინი მხოლოდ მაშინ ირგებს მშვიდობისმყოფელის როლს, როცა აწყობს, რომ მოიგოს დრო ომის გასაგრძელებლად. პრეზიდენტ ტრამპს სურს დაასრულოს ეს სისხლის ღვრა ახლა. ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა. მოდი, გამოვცადოთ პუტინი. მოდი, ვნახოთ, მართლა სურს მშვიდობა, თუ ხოცვა-ჟლეტის გაგრძელება ურჩევნია. მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა შევინარჩუნოთ რუსეთზე ზეწოლა და მხარი დავუჭიროთ ნამდვილ ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად”.
რიუტემ ხაზი გაუსვა ნატოს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის სპეციფიკასა და მნიშვნელობას:
“ნატოს მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ უკრაინას შეეძლოს თავის დაცვა დღეს, იყოს ძლიერ პოზიციაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და შეეძლოს მოიგერიოს რუსეთს ნებისმიერი აგრესია მომავალში. მილიარდობით დოლარის ღირებულების კრიტიკული სამხედრო მძიმე ტექნიკა მიედინება უკრაინაში, რომლის წყაროც არის აშშ და რომლის საფასურსაც იხდიან მოკავშირეები და პარტნიორები. ეს არის ცეცხლსასროლი სიმძლავრე, რომლის მიწოდებაც მხოლოდ ამერიკას შეუძლია. ჩვენ ამას ვაკეთებთ ნატოს ინიციატივის მეშვეობით და ვუწოდებთ მას PURL-ს. მას შემდეგ, რაც ის დაიწყო, ზაფხულიდან, უკრაინის „პეტრიოტის“ სარაკეტო ბატარეებს საჭირო რაკეტების 75% PURL-ის მეშვეობით მიეწოდა.
იმედი მაქვს, მეტი მოკავშირე შეიტანს წვლილს PURL-ში და უკრაინის მრავალი სხვა გზით მხარდაჭერაში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა, რომ მათ შეძლონ პუტინის შეჩერება. უკრაინა რუსული ოკუპაციის ქვეშაა. მისი ძალები ნატოსთან უფრო გრძელ საზღვარზე ზეწოლას ახდენენ. და მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენზე შეიარაღებული თავდასხმის რისკი. ეს მოითხოვს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის მართლაც გიგანტურ ცვლილებას“, – გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატოს მოუწევს მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ფლანგზე.
“არ დაგვავიწყდეს, უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა”, – აცხადებს რიუტე და განმარტავს, რომ დღეს “ნატოს პასუხი რუსეთის პროვოკაციებზე არის მშვიდი, პრინციპული და პროპორციული. მაგრამ საჭიროა, მზად ვიყოთ შემდგომი ესკალაციისა და კონფრონტაციისთვის. ჩვენი უცვლელი ერთგულება ნატოს მე-5 მუხლისადმი, რომლის თანახმადაც, ერთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე, ძლიერი სიგნალია. ნებისმიერმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და კიდეც ვუპასუხებთ ძლიერად.
ამიტომაც მივიღეთ კრიტიკული, კრიტიკული გადაწყვეტილებები ჰააგაში თავდაცვით ხარჯებზე, წარმოებასა და უკრაინის მხარდაჭერაზე. დიახ, ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს. შეხედეთ საბრძოლო მასალის წარმოებას. მოწმენი ვართ 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების ევროპული წარმოების ექვსჯერ ზრდის, ორი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით“.
მარკ რიუტე კვლავაც შეეცადა იმის ახსნას, რომ უკრაინაში ომი ალიანსისგან მოშორებით მიმდინარე კონფლიქტი არ არის:
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რადგან 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის დასასრულს, კონფლიქტები მოშორებით აღარ მიმდინარეობს. კონფლიქტი ჩვენს კართან არის. და ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა, დიდმა ბებიებმა და დიდმა ბაბუებმა გადაიტანეს. წარმოიდგინეთ: კონფლიქტი, რომელიც აღწევს ყველა სახლში, ყველა სამუშაო ადგილას. ნგრევა, მასობრივი მობილიზაცია, მილიონობით გადაადგილებული ადამიანი. ფართოდ მოდებული ტანჯვა და უდიდესი დანაკარგები. ეს საშინელი ფიქრია. მაგრამ, თუ ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დაპირებებს, შევძლებთ ამ ტრაგედიის თავიდან აცილებას. ნატო არის იმისთვის, რომ დაიცვას ატლანტიკის ორივე მხარეს მყოფი ერთი მილიარდი ადამიანი. ჩვენი მისიაა დაგიცვათ თქვენ, თქვენი ოჯახები, თქვენი მეგობრები და თქვენი მომავალი.
ჩვენ ვერ და არ დავკარგავთ სიფხიზლეს და არც. მაქვს ჩვენი მთავრობების იმედი, რომ შეასრულებენ დაპირებებს და ივლიან წინ და სწრაფად, რადგან ჩვენ ვერ შევდრკებით და ვერ დავეცემით“.




