საქართველოს სოფლის მეურნეობაში მოქმედი კომპანია „ჰერბიას“ დამფუძნებლის ზურაბ ჯანელიძის შეფასებით, რიტეილ სექტორის რეგულირებაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, რადგან ქსელურ მარკეტებს ადგილობრივი კომპანიებიდან პროდუქტის მიღებისას მაღალი “ქეშბექები” აქვთ დაწესებული, რაც პროდუქტის საბოლოო ფასს ზრდის.
გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას, ის ბიზნესის წარმოებისას მთავარ გამოწვევებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ გაძვირებული ფული და ქართული პროდუქტის ქსელურ მარკეტებში მოხვედრა, დღეს ადგილობრივ მეწარმეებს, ყველაზე მეტად აწუხებთ.
ზურაბ ჯანელიძე მწარმოებლისა და რიტეილ სექტორის ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს და რიტეილ სისტემაში მეტ რეგულირებას ემხრობა, თუმცა რა ფორმით არ აკონკრეტებს.
„სოფლის მეურნეობაში ფინანსების ჩადება და ბიზნესის განვითარება, დეველოპმენტის ან ფარმაცევტული საქმიანობის მსგავსად არ ხდება. აქ მთელი გული და სული, ადგილზე ყოფნაა აუცილებელი. ადამიანებს მეტი დრო უნდა ჰქონდეთ თუნდაც იმისთვის, რომ არსებულ გარემო პირობებში მოქმედების წესების სწორად დაიცვან. მაგალითისთვის რომ ავიღოთ – უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა გაყიდოს ახლად დაწყებულმა ბიზნესმა პროდუქცია ქსელურ მარკეტებში – ეს ძალიან რთული თემაა. აქ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაღაც დონის ჩარევა, რომ რიტეილ სისტემაში რეგულაციები მოხდეს. უკეთესი იქნებოდა თუ ცოტა სხვანაირი რეგულაციები არსებობდეს. ამას ისეთი მიდგომა სჭირდება რომ ორივე მხარე – მწარმოებელიც და მარკეტი ამ საკითხს სახელმწიფოებრივად უნდა ხედავდეს“, – აღნიშნავს „ჰერბიას“ ხელმძღვანელი და კითხვაზე – რა კუთხით განიხილავთ სახელმწიფოს ჩართულობას, პასუხობს: „ალბათ რაღაც რეგულაციებით, სადაც გაწერილი იქნება მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქტის ფასწარმოქმნაში რა წილს დაიკავებს მიმწოდებლის ფასი და რეალიზაციის შემთხვევაში ქსელური მარკეტის ფასნამატი რამდენი იქნება – აქ რეგულაცია უნდა მოხდეს. არის ქვეყნები, სადაც ამბობენ, რომ ფასნამატი 15%-ზე მეტი არ უნდა იყოს… შეიძლება ეს უხეში შედარება იყოს, მაგრამ მგონია, რომ ახალი მინისტრი მსგავს საკითხებზე ფიქრობს“, – აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.
2025 წლის დასაწყისში, კონკურენციის სააგენტომ FMCG ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქსელურ მარკეტებში პროდუქტების უმრავლესობაზე “ქეშბექის” დინამიკა მზარდია. ანგარიშის მიხედვით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად “ქეშბექი” მოქმედებს, რომელსაც დისტრიბუტორი შესაბამისი პროცენტული ოდენობით მიწოდებული პროდუქციის ფასიდან იხდის. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში არსებულ საკითხზე, როგორც პრობლემაზე დიდი ხანია საუბრობენ და ამბობენ, რომ ქსელურ მარკეტებში შესვლის პირობები კაბალურია, თუმცა მათ ამ პირობებზე დათანხმება უწევთ, რადგან სხვა შემთხვევაში მათი პროდუქცია დახლებზე ვერ მოხვდება.
