რის ხარჯზე იზრდება სადაზღვევო სექტორი, მაშინ როცა ახალდაზღვეულთა რაოდენობა მცირდება – შეფასება

წლის პირველი ნახევარი სადაზღვევო ინდუსტრიამ გაზრდილი მოგებით დახურა. 6 თვეში 19-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში ₾145 მლნ-ის სადაზღვევო მოგება მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ ₾67 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾34 მლნ) 2-ჯერ აჭარბებს. კომპანიებმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 712 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, რაც წლიურად 121 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, სადაზღვევო სექტორის ზრდას ხელი სადაზღვევო ტექნოლოგიის ეფექტიანმა განვითარებამ შეუწყო. ამის შესახებ ლაშა ნიკოლაძემ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.
“ჩვენი დაკვირვებით, კოვიდმა და მისმა შემდგომმა მოვლენებმა ასწავლეს სადაზღვევო ინდუსტრიას, როგორ იმუშაონ უფრო ეფექტურად. სადაზღვევო მოგება სულ ₾23 მლნ-ით არის გაზრდილი, თუმცა წმინდა მოგება ₾33 მლნ-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებმა პატარა შემოსავლით მოახერხეს დიდი მოგების ჩვენება. ეს აჩვენებს, რომ კომპანიებში ერთი ადამიანის როლი, მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზარდა.
და, რაც ყველაზე მთავარია, ტექნოლოგიების შემოღებამ, რაც კოვიდის დადებითი ეფექტი იყო, ერთეულზე უფრო მაღალი მოგების მიღება გახადა შესაძლებელი, რაც კარგია. ტექნოლოგიები გამორიცხავს დაგვიანების ან ადამიანური შეცდომის ფაქტორს. ინდუსტრია კი იმდენად მაღალტექნოლოგიური გახდა, რომ, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში, ანაზღაურების მისაღებად სადმე დარეკვაც აღარაა საჭირო, ყველაფერი მობილურით გვარდება”, – აღნიშნავს ლაშა ნიკოლაძე.
“საქმიანი დილას” სტუმარმა სექტორის განვითარების ნეგატიურ ფაქტორებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალდაზღვეულთა რაოდენობა მცირდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ, შესაძლოა, დაზღვევის ბაზარი უკვე გაჯერებულია.
“ჩვენ ვხედავთ, რომ წინა წლებში დაზღვეულთა რაოდენობა კერძო კომპანიებში იზრდებოდა 40-50-60 ათასი ადამიანით, ახლა კი მხოლოდ 14-ათასიანი ზრდა ვაჩვენეთ. ეს განსაკუთრებულ დაკვირვებას იმსახურებს – ხომ არ გაჯერდა კერძო დაზღვევის ბაზარი და ხომ არ იკლებს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც უნდა დაეზღვიოს? ვინც უკვე დაზღვეულია, მათ ხომ არ დატოვეს ქვეყანა?
იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ბოლო 5-10 წელში საპენსიო ასაკში გადავიდნენ, დაზღვევისთვის საინტერესო აღარ არის, ახალი თაობა კი არ აქტიურობს ან ფიზიკურად არ არის, რომ იაქტიუროს. ამ თვალსაზრისით კარგი იქნებოდა, რომ კერძო და საყოველთაო დაზღვევებმა მეტი შეხების წერტილი იპოვონ, რომ ყველას შეეძლოს ორივეთი სარგებლობა – ეს კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობას აპრიორი გაზრდიდა, რადგან შიში იმისა, რომ პაციენტი საყოველთაო დაზღვევას დაკარგავს, გაქრებოდა”, – განმარტავს ლაშა ნიკოლაძე.
-10 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით