„რისკის შემცველად მიმაჩნია მოპედების და მოტოციკლების გადაადგილების დაშვება ე.წ. ბასლეინში“ – დავით მესხიშვილი

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, ე.წ. ბასლეინში გადაადგილების უფლება, ტაქსებთან ერთად, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭათ, პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. თემაზე, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია, ქართულ რეალობაში მოპედების და მოტოციკლების გადაადგილების დაშვება ე.წ. ბასლეინში რისკის შემცველია.
„მოპედების და მოტოციკლეტების ე.წ. „ბასლეინში“ დაშვება სხვადასხვა გარემოებებთან ერთად უნდა შევაფასოთ, მაგალითად ჩვენი ავტობუსის ზოლები ბევრი ავტომობილის ზოლად იქცა, რაც სამწუხაროა. შესაბამისად, ვფიქრობ რომ სანქციები ან უნდა გამკაცრდეს ან რეალურად ყველაზე გატარდეს. რა უნდათ დიპლომატიურ ავტომობილებს ავტობუსის ზოლში? ეს სრულიად წარმოუდგენელია, მით უმეტეს არ ვიცი ამ დროს ელჩი ზის თუ არა ტრანსპორტში. საელჩოებთან შეხვედრის დროს ჩვენ მკაცრად გვისაუბრია ამ თემაზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. „ნარუშილოვკიანი“ ავტომობილებით გადატენილია ავტობუსების ზოლი, ავტობუსები კი უკვე მოხვდნენ არაერთგზის საგზაო შემთხვევებში, ზუსტად ამ ავტომობილების მხრიდან. როცა მსგავსი წინაპირობები გვაქვს, რისკის შემცველად მიმაჩნია მოპედების და მოტოციკლების გადაადგილების დაშვება ე.წ. ბასლეინში, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია. ჩვენს რეალობაში და სხვადასხვა გარემოებებთან ერთად, ეს მიმაჩნია რისკად,“, – ამბობს დავით მესხიშვილი.
ცვლილებების ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი ცნობით, მოტოციკლებისა და მოპედების „ბასლეინზე“ გადაადგილება ევროპის ბევრ ქვეყანაშია დაშვებული და ამ მხრივ გასათვალისწინებელია რამდენიმე ქალაქის პრაქტიკა, მათ შორის, ვენის, მადრიდისა და ბარსელონის.
ცვლილების პროექტით, თბილისის საავტომობილო გზებზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ასევე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იმავე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია.