რიო-დე-ჟანეიროში პოლიციის რეიდების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა

სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიის ისტორიაში პოლიციის ყველაზე სისხლიანი ოპერაციის შედეგად, განაცხადა ოთხშაბათს ბრაზილიის სახალხო დამცველმა.
სპეცოპერაცია გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა. კონფერენცია ბრაზილიაში, ქალაქ ბელემში 10-21 ნოემბერს გაიმართება.
მანამდე იუწყებოდნენ 64 დაღუპულის შესახებ, თუმცა, როგორც რიო-დე-ჟანეიროს გუბერნატორმა კლაუდიო კასტრომ განაცხადა, ეს მხოლოდ მორგში აღწერილი ცხედრების რაოდენობა იყო. მას შემდეგ რიოს ქუჩებში კიდევ ათობით გვამი შეაგროვეს.
პოლიციის თქმით, დაახლოებით 2500-მა ბრაზილიელმა პოლიციელმა და ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა ნარკოტიკებით მოვაჭრე შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციაში, გამოიყენეს ვერტმფრენები და ჯავშანტექნიკა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეიდის დაწყების შემდეგ ბანდის სავარაუდო წევრებმა რიოს ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გზები ჩახერგეს მინიმუმ 70 ავტობუსის მეშვეობით. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „შეძრწუნებულია“ პოლიციის მიერ ჩატარებული “სასიკვდილო ოპერაციით”, ხელისუფლებას მოუწოდა ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ და შეახსენა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები.
პოლიციის თქმით, ოპერაცია კრიმინალური ჯგუფის საქმიანობის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ ჩატარდა.