ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური რეიდის დროს, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი ბრაზილიელი პოლიციელია.
რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნატორმა კლაუდიო კასტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეიდის დროს პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადა, რომ ოპერაციის დროს სულ მცირე 42 შაშხანა ამოიღეს.
რიო-დე-ჟანეიროს მთავრობის ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი კომანდო ვერმელიოს კრიმინალური დაჯგუფების ტერიტორიული ექსპანსიის წინააღმდეგ ბრძოლაა. ოპერაცია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა და მასში 2 500-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პოლიციელი მონაწილეობდა.
პოლიციის რეიდები ქალაქში საერთაშორისო ღონისძიებების წინ ხშირია, მომავალ კვირას კი რიომ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან კონფერენციას, C40-ის მსოფლიო მერების სამიტს უნდა უმასპინძლოს.




