“ოცნების” ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე ხიდის აღდგენა და მე-3 მონაკვეთზე გზის მშენებლობა გრძელდება.
“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე. მნიშვნელოვანია, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის გურიის მონაკვეთი, სადაც ვგეგმავთ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის გაიხსნას 6 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო მომდევნო 6 კმ-ის დასრულება აპრილისთვის არის დაგეგმილი. ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამტრედიის ხიდის მონაკვეთი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებაზე, რომელიც თავის დროზე იყო დაშვებული. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ეს მონაკვეთიც სრულად გავხსნათ”,- განაცხადა რევაზ სოხაძემ მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და 52 კილომეტრს მოიცავს. გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთი, საერთო ჯამში 30 კმ, უკვე გახსნილია მოძრაობისთვის. სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.
“მაგისტრალების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსახლეობის გადაადგილების კომფორტისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობადაც. გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია, როგორც რეგიონული განვითარებასთან, ისე ინვესტიციების მოზიდვასთან. სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მთლიანად მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ მეტი ახალი პროექტი დაიწყოს და არსებული სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად დასრულდეს“,- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
სამინისტროს ცნობით, პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე მდებარე დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია — ტარდება ბურჯების გამაგრება, კონსტრუქციული ელემენტების (ხიმინჯების, რიგელების, კოჭების) მონტაჟი და გამაერთიანებელი ფილის მოწყობა. 11-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 10 კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო ხიდის აღდგენის შემდეგ მოძრაობა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის {კმ 0-კმ 50 მონაკვეთის} მოდერნიზაცია-მშენებლობისთვის 2026 წელს 70 მლნ ლარია (ჯამში 1.158 მლრდ ლარია გათვალისიწნებული.
შეგახსენებთ, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, მდინარე რიონზე მდებარე 810 მეტრის სიგრძის ხიდი 2023 წლის 21 თებერვალს ჩაინგრა.
