რინკევიჩი: თუ საქართველო საერთო ღირებულებებს არ გაატარებს, სტატუსი უნდა შევუზღუდოთ

ლატვიის პრეზიდენტი ამერიკის ხმას ინტერვიუში საქართველოს პოლიტიკურ კურსზე ესაუბრა.
რინკევიჩის თქმით, საქართველოს სუვერენული უფლებაა არ გაიზიაროს ცალკეული ორგანიზაციების ღირებულებები, თუმცა მეორე მხრიდან ამაზე რეაგირებაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
“თუკი ქვეყანა არ ასრულებს იმ ორგანიზაციების პირობებს, რომლის წევრობაც სურს, არ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს და არ იზიარებს მის ღირებულებებს, ეს ცხადია, მისი სუვერენული უფლებაა. მაგრამ მეორე მხარესაც ასეთივე უფლება აქვს, არ სურდეს მიიღოს თავის წრეში ის, ვინც განსხვავებულ გზას ირჩევს.” – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა.
NATO-ს ვაშინგტონის სამიტში საქართველოსთვის გაწევრიანების დაპირების არარსებობასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე რინკევიჩმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა და მათ გადაწყვიტეს, რომ NATO-სა და ევროკავშირის გარეშე ცხოვრება შეუძლიათ. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ საქართველო არ გაატარებს საერთო ღირებულებებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას უნდა შეეზღუდოს.
“ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა.” – თქვა რინკევიჩმა ამერიკის ხმასთან.
“მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.” – დაამატა რინკევიჩმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
რინკევიჩის აზრით რუსული კანონის მიღება დროული გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს რაა მნიშვნელოვანი.
“არ იყო [შესაბამისი] დრო იმ კანონების მისაღებად, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს ნათლად ეწინააღმდეგება. თუმცა კვლავ ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.” – თქვა რინკევიჩმა.
რინკევიჩის თქმით, ეს იქნება გზავნილი, რომ დასავლეთი საერთო ღირებულებებიდან გადახვევას არ შეეგუება. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხის ნაცვლად თავად ვერ მიიღებენ იმის გადაწყვეტილებას, თუ როგორი ქვეყნის შენება სურთ ქართველებს.
“ეს აგზავნის ძალიან ძლიერ გზავნილს, რომ ჩვენ არ შევეგუებით საერთო ღირებულებებიდან და შეთანხმებული პოლიტიკიდან გადახვევას. ეს მართლაც საქართველოს არჩევანია. ქართველი ხალხის ნაცვლად, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, მათ როგორი ქვეყნის აშენება სურთ. პირადად მე სრულად ვცემ პატივს ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ქართველი ხალხი მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთებს. ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს სხვადასხვა პარტიის შეთავაზებას.
მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ სადაც ლატვიას ხმის უფლება აქვს – ნატოში იქნება ეს თუ ევროკავშირში, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა: თუკი ქვეყანა არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არ აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან შეაფასონ (გადააფასონ) მათი თანამშრომლობა, მათი დახმარების პროგრამები.” – თქვა რინკევიჩმა.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით, NATO-სა და ევროკავშირისგან დაშორება როგორ აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე – ამ საკითხზე პასუხი ხალხს საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს.
“ჩვენ მოგვისმენია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით გარკვეულ გამოწვევებზე საუბრობდნენ. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ ევროინტეგრაციის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევა არის გზა, რომლითაც ისინი საკუთარ უსაფრთხოებას გააუმჯობესებენ, მაშინ ესაა მათი ახსნა საზოგადოებისთვის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა, თუკი საქართველო მზადაა გააგრძელოს იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. მაგრამ ის, უსაფრთხოების კუთხით რა შედეგები მოჰყვება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამაზე პასუხის გაცემას საქართველოს მთავრობას მივანდობდი.” – თქვა რინკევიჩმა.