ყველა მოუთმენლად ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, სულ მალე საბოლოოდ გავაჯანსაღებთ ქართულ პოლიტიკურ ველს, – ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე “ოცნების” დეპუტატმა რიმა ბერაძემ განაცხადა. ივანიშვილის გუნდის წევრმა ოპოზიცია ქვეყნის ღალატში ღიად დაადანაშაულა და ამტკიცებდა, რომ მათი მიზანი ქართველი ხალხის დასჯა იყო.
ამასთან, ბერაძემ ევროინტერგაციის პროცესის შეჩერებაში თავად ევროკავშირი დაადანაშაულა.
ყველა მოუთმენლად ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, სულ მალე საბოლოოდ გავაჯანსაღებთ ქართულ პოლიტიკურ ველს, სადაც აგენტებისა და ქვეყნის მტრების ადგილი არ არის. ყველამ მოვისმინეთ ჩანაწერები, სადც ოპოზიციის ლიდერები ღიად და სიამაყით საუბრობდნენ იმაზე, რომ გააქვთ ქვეყნიდან საიდუმლო ინფორმაცია, როგორ დადიან საქაღალდეებით და ითხოვენ ქვეყნისა და მისი ხალხის დასჯას. რა არის ეს, თუ არა ქვეყნის მტრობა?! ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პროცესი პრემიერის განცხადების შემდეგ კი არ დაპაუზებულა, არამედ ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირში 2024 წლის ივნისის თვეში უკვე მიღებული იყო, პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე თვით ადრე, – თქვა რიმა ბერაძემ.




