რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს – მაგრამ რბილად მოქმედებს“.
რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით „რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს“.
„თუმცა, ევროკომისიამ თბილისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გააფრთხილა, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა არ დაკმაყოფილდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები შეიძლება შეჩერდეს. კითხვა იმაში მდგომაროებს, თუ რამდენად სერიოზულია ეს საბოლოო ვადა, საქართველოს მთავრობა შეიცვლის თუ არა კურსს და რამდენად სერიოზულია ბრიუსელის ნება, რომ იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეიცვლის?“, – წერს იოზვიაკი.
მისი თქმით, შეხვედრაზე თავიდანვე ნათელი იყო, რომ სანქციები და ორი ქართველი მოსამართლისთვის აქტივების გაყინვა და მიმოსვლის აკრძალვა არც კი განიხილებოდა, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ისინი ამას მხარს არ დაუჭერდნენ.
„გასაკვირია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვის დაწყების არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. რეალური შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ მინისტრები ამ საკითხს ოქტომბერში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრის დროს დაუბრუნდნენ. ასე რომ, თბილისზე ზეწოლის განხორციელების დარჩენილ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რჩება, ნაბიჯი, რომლის გასააქტიურებლადაც კვალიფიციური უმრავლესობა გახდება საჭირო“, – აღნიშნავს ავტორი.
იოზვიაკი წერს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით „მსგავსი უმრავლესობა ჩნდება, თუმცა წევრებს შორის საკითხი არაპოპულარულია“.
„იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს და ამრიგად, არაპროპორციული იქნება“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა