სუპერმარკეტების ქსელები სხვადასხვა მწარმოებლებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს საკმაოდ დიდ გადასახადებს რომ უწესებენ, არახალი ამბავია და საკითხს კონკურენციის სააგენტო კიდევ ერთხელ სწავლობს. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული შუალედურ დასკვნაში პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ ფასწარმოქმნაზე მოქმედებს ის გადასახადები, რომელიც მიმწოდებლებისადმი რითეილს აქვს დაწესებული.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, რომ ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები კონკრეტული პროდუქტის 50%-ით გაძვირებასაც იწვევს.
„ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და აღნიშნულთან დაკავშირებით ასოციაციას არაერთ განცხადება აქვს გაკეთებული, რომ ეს ურთიერთობა საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს.
ადგილობრივი მწარმოებლისა თუ სადისტრიბუციო კომპანიებისთვის უმთავრესი პრობლემა არის დაწესებული გადასახადი, რომელსაც ქსელი აწესებს. მაგალითად, ე.წ. მოხვედრის, ქეშბექის, რეტრო ბონუსი, თაროს გადასახადები და ასე შემდეგ, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება. მათ შორის, იზრდება გადახდის პირობები და რთულია, ამ ყველაფერმა ფასებზე არ იმოქმედოს, როცა პირობითად, პურის მიმწოდებელს ანაზღაურებას უხდიან 70 დღის შემდეგ, რაც ასევე ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რადგან საბრუნავი სახსრები ყველა ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ამბობს ლაშა რიჟამაძე.
მისივე თქმით, ქსელური მარკეტების აღნიშნული პრაქტიკა ძალიან დიდი დაბრკოლებაა დამწყები სუბიექტისთვის, რომელსაც სურს, ადგილობრივი წარმოება განავითაროს, თუმცა ქსელში განთავსების საფასური გადახდის საშუალება არ გააჩნია.




