რივედერჩი! რატომ ტოვებენ ქვეყანას მასობრივად ახალგაზრდა იტალიელები

რივედერჩი! რატომ ტოვებენ ქვეყანას მასობრივად ახალგაზრდა იტალიელები
ბილი ფუსტო მაღალი ხელფასისკენ არ ისწრაფვის: მას მხოლოდ არქივარიუსობა და იტალიაში „მშვიდად ცხოვრება“ სურს. მაგრამ ათიათასობით სხვა ახალგაზრდა იტალიელის მსგავსად, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, 24 წლის ფუსტოც შიშობს, რომ საზღვარგარეთ წასვლის გარდა, სხვა გზა არ აქვს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, იტალია მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი მესამედი 25-დან 34 წლამდე ასაკისაა და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი აქვს. ქვეყნიდან წასულები მიგრაციის მიზეზად დაბალ ხელფასს და მათი უნარების არასაკმარის აღიარებას ასახელებენ.
„მე სიმდიდრისკენ ან მაღალი თანამდებობისკენ არ ვისწრაფი“, – ამბობს კალაბრიელი ფუსტო, რომელიც რომში მაგისტრატურაში სწავლობს. „მშვიდი ცხოვრება მინდა, რომლის დროსაც არ მომიწევს იმაზე ფიქრი, სად ვიშოვო 15 ევრო საყიდლებისთვის. ამჟამად იტალიაში ეს გარანტირებული არ არის“, – განუცხადა მან სააგენტო „ფრანს პრესს“ (AFP). მიგრაცია ცხელი თემაა: იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფონდის (North East Foundation) ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოსულ ერთ ახალგაზრდა უცხოელზე თითქმის ცხრა ახალგაზრდა იტალიელი მოდის, რომელიც საზღვარგარეთ არის წასული.
„ნორმალური არ არის ის, რომ ქვეყანაში არავინ ინტერესდება, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დემოგრაფიულ სისხლდენას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და შრომის ეროვნული საბჭოს (CNEL) პრეზიდენტმა, რენატო ბრუნეტამ ოქტომბერში გამოსვლის დროს.
ზოგიერთი, ბედის საძიებლად, ძირითადად, ღარიბი სამხრეთიდან, ჩრდილოეთის მდიდარ რეგიონებში გადადის. ასეთ შიდამიგრანტებს შორის კურსდამთავრებულთა წილი, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 18-დან 58 პროცენტამდე გაიზარდა. მაგრამ ინდუსტრიულ ჩრდილოეთშიც კი, სამუშაო პირობები შეიძლება არ იყოს ისეთი მიმზიდველი, როგორც სხვა ქვეყნებში. იტალია ერთ-ერთია „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში“ (OECD) შემავალ იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც რეალური ხელფასები, 2019 წელთან შედარებით, შემცირდა. ახალგაზრდებში უმუშევრობის დონეც ასევე აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ოქტომბერში მან 17,7 პროცენტი შეადგინა, ევროკავშირში კი ის 15,2 პროცენტია.
იტალიაში სამუშაო ადგილების დაკავება ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით არ ხდება. ქვეყანაში მინიმალური ხელფასი დაწესებული არ არის და შრომის ანაზღაურება სტაჟის გათვალისწინებით არ იზრდება. საფრანგეთში პოლიტიკური მეცნიერების შესწავლის შემდეგ, ელენა პიკარდი რომში დაბრუნდა, მაგრამ იტალიაში სამუშაოს პოვნის იმედი მალევე დაკარგა. „ხშირად, როდესაც საქმე იტალიურ შეთავაზებებს ეხება, ხელფასი ან არ არის მითითებული, ან ძალიან დაბალია“, – განუცხადა AFP-ს 24 წლის გოგონამ. ევროპის სხვა ქვეყნებში იგივე თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, ხელფასებს შორის სხვაობამ შეიძლება თვეში რამდენიმე ასეული ევრო შეადგინოს.
„მსურს, საკუთარი წვლილი შევიტანო ქვეყნის მომავალში და ოჯახთანაც ახლოს ვიყო. მაგრამ რატომ უნდა გავწირო ჩემი პერსპექტივა, როცა ჩემი სპეციალიალობა საზღვარგარეთ უფრო დაფასებულია?“, – აინტერესებს პიკარდის.
North East Foundation-ის მონაცემებით, 2011-2023 წლებში „ტვინების გადინება“ იტალიას 134 მილიარდი ევრო დაუჯდა. ფონდის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში დაბრუნებულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ოჯახებთან უფრო ახლოს ყოფნა სურს. სხვები ქვეყანაში იძულებით (და არა სურვილის გამო) რჩებიან. ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს იტალიიდან წასულთა საშუალო ასაკი 30 წელი იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროკავშირში. ამ კუთხით, იტალიას მხოლოდ ესპანეთი და საბერძნეთი უსწრებს.
ახალგაზრდების გადინება კიდევ უფრო შემაშფოთებელია იტალიის მოსახლეობის დაბერების ფონზე. სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 2050 წელს დასაქმებულ და უმუშევარ ადამიანებს შორის თანაფარდობა ამჟამინდელი 3/2-დან დაახლოებით 1/1-მდე გაიზრდება. ამ ტენდენციის უკეთესობისკენ შესაცვლელად, იტალია საზღვარგარეთ მცხოვრებ მაღალკვალიფიციურ ან სპეციალიზებულ თანამემამულეებს, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. კიდევ უფრო უკეთეს პირობებს ჰპირდებიან მათ, ვინც ქვეყანაში ბავშვებთან ერთად ჩამოვა.