რიგი ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების საფუძველზე ნასამართლევ პირებს, ვიდრე ზარალს არ აანაზღაურებენ, საქართველოდან გასვლა 16 წლის ვადით აეკრძალებათ

რიგი ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების საფუძველზე ნასამართლევ პირებს, ვიდრე ზარალს არ აანაზღაურებენ, საქართველოდან გასვლა 16 წლის ვადით აეკრძალებათ
რიგი ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების საფუძველზე ნასამართლევ პირებს საქართველოდან გასვლა 16 წლის ვადით აეკრძალებათ. „ქართული ოცნების“ ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე – საბოლოო მოსმენით მიიღო და მასში არაერთი ცვლილება, მათ შორის ის, რომ კანონში პირდაპირ მიეთითება კონკრეტული 16 წელი, რა დროითაც შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყნის დატოვების აკრძალვა მოხდეს, მესამე მოსმენის ფარგლებშიც აისახა.
დაკორექტირდა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ გარდამავალი დებულებები და სხვა გამომდინარე პროექტები.
მესამე მოსმენით შეთავაზებული ცვლილებები პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გააცნო.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენის შემდეგ განხორციელდა, რა დათქმის შესაბამისადაც პარლამენტმა საკითხს კენჭი უყარა. კერძოდ, გაუმჯობესდა და კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა უფლებრივი სტანდარტი იმ პირების მიმართ, რომელთაც დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ და რომელთა ქონების ჩამორთმევა და რეალიზაცია დაზარალებულთა კომპენსაციის სახით მოხდება. ამ პირებს შეეძლებათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევის თაობაზე ზუსტად ისევე გაასაჩივრონ, როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობა ყადაღის დადების შემთხვევაში ითვალისწინებს. ცვლილებები განხორციელდა მუხლებში, რომელიც სააპელაციო და საკასაციო საჩივრების განხილვას ეხება.
არის კორექტირება მუხლში, რომელთაც გათვალისწინებულია ე.წ. თეთრის საყელოს დანაშაულები, რომელ დანაშაულში მხილებულ და მსჯავრდებულ პირებს ვალდებულება ექნებათ, რომ მიყენებული ზიანი ახალი წესით აანაზღაურონ – არის კორექტირება და ორ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის მუხლების დამატება მოხდა.
გარდა ამისა, შემოთავაზებული გვქონდა პრინციპი, რომ თუ დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნით ახალი რეგულაციების გამოყენება მოხდა, პირს საქართველოდან გასვლა აეკრძალებოდა, ხოლო აკრძალვის ვადა დამოკიდებული იყო ნასამართლეობის ვადაზე. შემოთავაზებული ახალი რედაქციით, პირდაპირ მიეთითება კონკრეტული 16 წელი ანუ მაქსიმალური ვადა, რა დროითაც შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყნის დატოვების აკრძალვა მოხდეს.
აქ შემოთავაზებულია ერთი პრინციპი – მთავარია არა დანაშაულის კატეგორიები და ამ კატეგორიიდან გამომდინარე ნასამართლეობის ვადები, არამედ ის თუ რა ზიანი მიაყენა კონკრეტულმა დამნაშავემ კონკრეტულ დაზარალებულს. დანაშაულის კატეგორია შეიძლება მსუბუქი იყოს, მაგრამ მიყენებული ზიანი იყოს დიდი. ამიტომ ზიანის ოდენობიდან გამომდინარე, მითითებულია მაქსიმალური ვადა – 16 წელი.
თუ დაზარალებული უარს იტყვის კომპენსაციის მიღებაზე, თუ დამზარალებელი ზიანს აანაზღაურებს, რა თქმა უნდა, საზღვრის კვეთის აკრძალვასთან დაკავშირებული უზრუნველყოფის ღონისძიება ამ ვადაზე ადრე იქნება მოხსნილი.
დაკორექტირებულია გარდამავალი დებულებები. გარდამავალი დებულებები იმ საქმეებს ეხება, რომელიც ახლა მიმდინარეობს ან გამოძიების ეტაპზეა. გთავაზობთ შემდეგ რედაქციას – თუ ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილია დანაშაული, მაგრამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის გამოძიება დაწყებულია არ არის, 165/4 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც დაეკისრებათ, გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებაც შეეფარდებათ ამ კანონით დადგენილი სტანდარტული წესით. როგორც მათი ქონებებიდან დაზარალებულის ანაზღაურება მოხდება, ამავდროულად მათ მიმართ საზღვრის გადაკვეთის აკრძალვაც იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ გამოძიება დაწყებულია ან საქმეები პირველ ან მეორე ინსტანციაშია, შესაძლებელი იქნება გამოყენებული იყოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვა. თუ საქმე კასაციაშია, არც ქონებების ჩამორთმევა და არც საზღვრის კვეთის აკრძალვა ვერ იქნება გამოყენებული, რასაც თავისი ლოგიკა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება დასრულებულია, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურებს შესაძლებლობა აღარ აქვთ სრულად მოიკვლიონ ყველა ქონება და ყველა ქონებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართონ, რათა ამ ქონების ჩამორთმევის თაობაზე იმსჯელოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ კენჭისყრის წინ, კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას.
ახალი სამართლებრივი რეგულაციები ისეთ შემთხვევებზე გავრცელდება, როცა მსჯავრდებული დამნაშავედ ცნობილია შემდეგ დანაშაულებზე: – დიდი ოდენობით თაღლითობა; დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა; დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება ან გაფლანგვა; ქონებრივი დაზიანება მოტყუებით დიდი ოდენობით; სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს); დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით; უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ვიდრე მსჯავრდებული ზარალს არ აანაზღაურებს, 16 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გავა. ასეთმა პირმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას შესაძლოა როგორც საკუთარი, ასვე ოჯახის წევრებისა და ნათესავების ქონება ჩამოერთვას.
თუკი ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულისთვის გასამართლებული და მსჯავრდებული პირი ზარალს არ აანაზღაურებს, მას საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ქონის შესაძლებლობა არ ექნება, ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირებისთვის ფულის ან ქონების გადაცემა კი ახალი დანაშაული იქნება. უფრო კონკრეტულად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი დაემატა, რომელიც “მსჯავრდებულთან უკანონო გარიგებას“ გულისხმობს. აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირისთვის, რომელსაც დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია, ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება იკრძალება.
ახალი კანონით ასეთი მსჯავრდებულის მიერ საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება დაისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის გადაცემა დაისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ასევე, თუ მსჯავრდებულს თანხას იმ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხავენ, რომელიც ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ ბანკში აქვს ან საკუთრებაში უძრავ ქონებას გადასცემენ, მას ყადაღა დაედება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად აღსრულებაში მიეცემა.
ipn.ge