რიგაში 1 000-მდე უსახლკარო ადამიანი გამოვლინდა, რომლებსაც ყველაზე მეტად ვალები და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ – კვლევა

რიგაში ათასამდე უსახლკარო ადამიანი გამოვლინდა, – ამის შესახებ ლატვიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ანთროპოლოგიის მკვლევარმა და ლექტორმა, კარლის ლაკშევიჩსმა „ლატვიის რადიოს“ გადაცემა „ლაბრიტ“-ში ამ კვირაში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მიმდინარე კვირას რიგაში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, უსახლკარო ადამიანების აღწერა ჩატარდა.
კვლევის ინიციატორი ევროკომისია იყო. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მიზანი – 2030 წლისთვის ევროპაში უსახლკაროები არ უნდა იყვნენ. შესაბამისად, კვლევის მთავარი მიზანი იყო არა უსახლკარო ადამიანების რაოდენობის დათვლა, არამედ იმის გარკვევა, თუ რატომ აღმოჩნდნენ ისინი ამ სიტუაციაში.
უსახლკარო ადამიანებთან საუბრების შემდეგ, ლაკშევიჩსი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანების უსახლკაროდ დარჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ვალები და ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც ამ ადამიანებს, გარკვეულ მომენტში, მუშაობის გაგრძელებაში შეუშალა ხელი.
„მითია, თითქოს, უსახლკარობა, – იქნება ეს ქუჩაში, ღამის თავშესაფარში, ბაღის ტერიტორიაზე თუ ქალაქის სხვა ადგილში, – ამ ადამიანების თავისუფალი არჩევანია“, – განაცხადა მკვლევარმა.
„სახლის დაკარგვამდე, მათ ცხოვრებაში კრიტიკულ მომენტს, ყველაზე ხშირად, წარმოადგენდა, მაგალითად, ვალების არსებობა, რომელთა გასტუმრებაც ვერ მოახერხეს (…) ამ ადამიანების უმეტესობამ, კითხვაზე, თუ რა სჭირდებათ ყველაზე მეტად, უპასუხა: „ოთახი საცხოვრებლად“, – აღნიშნა ლაკშევიჩსმა.
კვლევის დროს ასევე შეფასდა, თუ რა შეიძლება იყოს უსახლკარობის პრობლემის შესაძლო გადაწყვეტა მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე – განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რამდენად ძვირი ჯდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების, მუნიციპალური პოლიციისა და თავშესაფრების დაფინანსება და ხომ არ იქნებოდა უფრო იაფი, მაგალითად, უსახლკაროების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, როგორც ეს ფინეთში გაკეთდა.
რიგაში ჩატარებული კვლევის მონაცემები ჯერ კიდევ საჭიროებს დამუშავებას.
წყარო: 1 არხი