რიგაში ასზე მეტი ბომბსაფარი მოეწყობა – საცხოვრებელი კორპუსები შეძლებენ 10 000 ევროს ოდენობის გრანტებს
მომავალი წლის ბოლომდე, რიგაში 141 ბომბსაფარი მოწესრიგდება. მათი დაახლოებით ნახევარი რიგის საქალაქო საბჭოს მფლობელობაშია. ახალი წლიდან კი, რიგის მცხოვრებლებს შეეძლებათ მუნიციპალიტეტისგან დახმარება ითხოვონ, თუ თავიანთი სახლის სარდაფში თავშესაფრის მოწყობას გადაწყვეტენ. ამ ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM+) ავრცელებს.
რიგაში 83 ბომბსაფარი სპეციალური ნიშნითაა აღნიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ამ წლის ბოლომდე საქალაქო საბჭო 223 თავშესაფრის სრულად მონიშვნას გეგმავს. მაგრამ მათი მონიშვნა ერთია, ხანგრძლივი დროით გამოსაყენებლად მომზადება კი – მეორე.
შესაბამისად, საქალაქო საბჭო 141 თავშესაფრის სრულად აღჭურვას ორი წლის განმავლობაში გეგმავს. ისინი 82 ათასზე მეტი ადამიანის დატევას შეძლებენ.
ეს დაახლოებით 16 მილიონი ევრო დაჯდება. აქედან 6 მილიონი ევროკავშირის დაფინანსებაა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბომბსაფრებში გვჭირდება, სავენტილაციო სისტემაა. ამ 83 თავშესაფრიდან არცერთში არ არის ვენტილაცია. მაგალითს მოგიყვანთ. ჩამპტერსის აქტივისტებმა ზალვესის ქუჩაზე ბომბსაფარის სანახავად მიმიწვიეს, 10-15 ადამიანი ვიყავით და სარდაფში 20-30 წუთი დავყავით, შემდეგ კი ჰაერი აღარ გვეყო“, – ამბობს რიგის საქალაქო საბჭოს უსაფრთხოების, წესრიგისა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარე, გირტს ლაპინში.
ასევე, წესების თანახმად, 250 ადამიანზე გათვლილ ბომბსაფარს ორი გასასვლელი უნდა ჰქონდეს, ყველგან უნდა იყოს წყალი და კანალიზაცია.
„სანამ ბომბსაფარის გამოყენების საჭიროება არ არის, ამ ადგილებს ორმაგი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს“.
„შესაძლებელია აქ ჩოგბურთის მაგიდების განთავსება, ან კრივის და ჭიდაობის სექციების ან სხვა რამის მოწყობა. ხოლო თუ საფრთხე შეიქმნება, მათ 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ ტერიტორია“, – აღნიშნა მან.
იციან თუ არა ამჟამად რიგის მცხოვრებლებმა, სად უნდა შეაფარონ თავი საფრთხის შემთხვევაში?
ქალაქის ცენტრში არსებული ცენტრალური ბაზრის სარდაფები ყველაზე დიდი ბომბსაფარია. თუმცა, ამის შესახებ ცოტამ თუ იცის.
საქალაქო საბჭოს გეგმის მიხედვით, მაგალითად, 40 000-კაციან იმანტაში თითქმის 7 000 ადამიანზე გათვლილი 12 თავშესაფარია, ხოლო პლავნიეკიში, სადაც 50 000 ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ 4 თავშესაფარია 2 500 ადამიანისთვის.
საქალაქო საბჭოში აცხადებენ, რომ მომავალი წლიდან საცხოვრებელი კორპუსები შეძლებენ 10 000 ევროს ოდენობის გრანტების მიღებას დასუფთავებისა და დროებითი თავშესაფრების ტიპის სარდაფების მოსაწყობად.
1tv.ge
