„რთველის საკოორდინაციო შტაბი სრულად მობილიზებულია და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში უკვე გადამუშავებულია 283 ათასამდე ტონამდე ყურძენი.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე კობერიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ყურძნის მოსავლის რაოდენობა გასული წლის რაოდენობას 30%-ით აჭარბებს.
„უხვმა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა, როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა, რამაც გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი გაზარდა; განსაკუთრებით რთველის აქტიურ პერიოდში. გარდა ამისა, ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გარკვეულ დროს. ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს ყურძნის დღეღამური გადამუშავების ლიმიტი“, – აღნიშნა ალექსანდრე კობერიძემ.
შტაბის უფროსის მოადგილემ მოსახლეობას მოუწოდა, აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია სოფლის რწმუნებულებისგან, აიღონ შესაბამისი ცნობა, შემდგომ დაიწყონ კრეფა და მივიდნენ მითითებულ საწარმოში.
„რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები, ყოველდღიურ რეჟიმში, სოფლების რწმუნებულებს აწვდიან ინფორმაციას ყურძნის დღეღამური გადამუშავების კვოტების და ჩამბარებელი საწარმოების მისამართების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე გასცემენ ცნობებს კონკრეტული საწარმოს შესაძლებლობების შესახებ კონკრეტული დროის მითითებით. რიგების შემცირებისთვის, მევენახეებმა სწორედ ამ სქემის გათვალისწინებით უნდა იმოქმედონ. რთველის საკოორდინაციო შტაბი სრულად მობილიზებულია და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, – აღნიშნა ალექსანდრე კობერიძემ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
