სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დასკვა აჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი მაღალია და საერთო რაოდენობის 67%-ს უტოლდება.
აღმოჩნდა, რომ 2022-2023 წლებში, რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის ჯამში 1,822,100 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის“ საქართველოს კანონის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. 2022-2023 წლებში, სულ განხორციელებული 1,875 კონტროლის ღონისძიებიდან, 98%-ის (1,747) შემთხვევაში გამოვლინდა რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი და ჯამში გამოიწერა 1,822,100 ლარის ოდენობის ჯარიმა”, -ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
აქვე წერია, რომ რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეზღუდული რესურსის გამო ვერ ხორციელდება ყველა სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების შემოწმება, ელექტრონული რეცეპტების ფარგლებში. ამასთანავე, არ არის შემუშავებული და დანერგილი ის მექანიზმები, თუ რა ფორმით და როგორ მოხდება EHR სისტემის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების/ სამედიცინო პერსონალის შემოწმება ვადების დაცვის კონტროლის ან ინფორმაციის შეყვანის სისრულეზე, ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დაბალია როგორც პროფესიულად აქტიური სამედიცინო პერსონალის, ისე სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებების ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერებისა და რეცეპტების სისტემებში ჩართულობის მაჩვენებელი; ასევე არასრულია ელექტრონულ სისტემებში არსებული ინფორმაცია. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არსებული ბენეფიციარების შემთხვევების რაოდენობის 50% არ არის ასახული EHR სისტემაში. შედეგად, არ არის მიღწეული ელექტრონული სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით დასახული მთავარი მიზანი, როგორიცაა, პაციენტის შესახებ არსებული ინფორმაციის სამედიცინო პერსონალისათვის დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, EHR სისტემაში არ არის ჩართული პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი (ოჯახის ექიმი/სოფლის ექიმი), ვისთვისაც მნიშვნელოვანია პაციენტზე ეფექტიანი ზრუნვის მიზნით სრულ ინფორმაციაზე წვდომა.
აუდიტორული მოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ EHR სისტემის შექმნის დღიდან 2023 წლის მდგომარეობით, ზედამხედველობის ღონისძიებები არ განხორციელებულა, შედეგად, არათანმიმდევრული და არაეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმები იწვევენ ელექტრონულ სისტემებში არსებული ინფორმაციის სისრულის რისკს.
აუდიტის სამსახური რეკომენდაციებს აძლევს სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს:
“ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში ჩართული მომხმარებლებისათვის მუდმივად განახლებად და სრულ მონაცემებზე წვდომის მიზნით შემუშავდეს ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც გაზდის ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობას, რითაც გააუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაციის დროულად და სრულად ასახვის მაჩვენებელს.
ელექტრონული რეცეპტის სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით, შემუშავდეს ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც შეამცირებს რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შესაძლებლობას,” – ასეთია რეკომენდაციები.
