,,რეფერენტული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარს არ უნდა ეხებოდეს”- ირაკლი მარგველაშვილი

რეფერენტული ფასების პოლიტიკა მთელ ფარმაცევტულ ბაზარს არ უნდა ეხებოდეს და ის უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ აუცილებელ, საბაზისო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტებზე. ამის შესახებ წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნების უმეტესობაში, სადაც რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემაა დანერგილი, ის მთელ ბაზარზე არ ვრცელდება, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის. კერძოდ, მარგველაშვილის თქმით, შესაძლოა, ადამიანი წლების განმავლობაში იღებდა კონკრეტული დასახელების მედიკამენტს, ახლა კი, როცა ფარმაცევტულ კომპანიას, ზღვრული ფასის გამო, ამ მედიკამენტის შემოტანა შეიძლება აღარ უღირდეს, პაციენტს იგივე მოლეკულის სხვა პრეპარატის შეძენის არჩევანი რჩება. ასეთი ვითარება კი, ირაკლი მარგველაშვილის შეფასებით, სამართლიანი არ არის.
მისივე თქმით, როცა კომპანიები სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ფასებს ასაჩივრებენ, შესაძლოა ისინი დაკორექტირდეს, თუმცა, შესაძლოა, უწყებამ არ გაითვალისწინოს კომპანიის მოთხოვნა. მარგველაშვილი სვამს შეკითხვას – რა ხდება ამის შემდეგ? წამალი რჩება ბაზარზე თუ ქრება აფთიაქებიდან?
„კომპანიამ, შესაძლოა, გადაწყვიტოს, მიუღებელი ფასის მიუხედავად, მაინც დატოვოს კონკრეტული მედიკამენტი ბაზარზე ან აღარ შემოიტანოს. არ არსებობს არანაირი ვალდებულება, რომელიც მას დააკისრებს პასუხისმგებლობას, ფასის მიუხედავად, ეს წამალი მაინც შემოიტანოს,“ – აცხადებს მარგველაშვილი.
მისი თქმით, სექტორისთვის აუცილებელია ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან მოქმედი კანონი მოძველებულია და ბაზრის ყველა ასპექტს ვერ არეგულირებს.
ცნობისთვის: რეფერენტულ ფასს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია კიდევ ერთხელ გაფართოვდა და 7 ათას დასახელებას გადააჭარბა.
jandacva.ge