„რეფერენტული ფასების დადგენამ 45%-იდან 50-54%-მდე გააიაფა წამლის ღირებულება“ – მარინე ბერაძე

„რეფერენტული ფასების დადგენამ 45%-იდან 50-54%-მდე გააიაფა წამლის ღირებულება“ – მარინე ბერაძე
„ბოლო წლებში, როდესაც წამლებზე რეფერენტული ფასები შემოიღეს, მოკვლევის თანახმად, ამან 45%-იდან 50-54%-მდე გააიაფა წამლის ღირებულება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტმა მარინა ბერაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, კონკრეტული მედიკამენტის ხარისხიანობა გარკვეული კრიტერიუმებით ფასდება და მასთან შესაბამისობას წამლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია უნდა ამოწმებდეს.
„ერთი წლის წინ იყო საუბარი წამლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით და ეს არის იმ ცვლილებების ნაწილი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა. მას შემდეგ, ამ საკითხთან მიმართებით, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ შეიცვალა.
წამალი, რომელიც იყიდება, აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი. არსებობს ამ ხარისხის დამდგენი კრიტერიუმები და სწორედ ეს ლაბორატორია უნდა განსაზღვრავდეს თუ რამდენად შეესაბამება მედიკამენტი მათ. წამლის ღირებულებას და თვითღირებულებას ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ ეს მომხმარებლისთვის საინტერესო არ არის. მომხმარებლისთვის მხოლოდ წამლის ხარისხია მნიშვნელოვანი და ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და წამლის სააგენტო.
მისი თქმით, ანტიმონოპოლიური სამსახური ფარმაცევტულ კომპანიებთან მიმართებით სწორად და წარმატებით მუშაობს.
„ჩემი აზრია, რომ წამლის სააგენტო არის ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე პასიურია, იმიტომ, რომ ჩვენი მოთხოვნა ფასებთან და ხარისხთან დაკავშირებით იყო ანტიმონოპოლიური სამსახურის ამუშავებაც, რადგან ძალიან ბევრი მიზეზთაგანი არსებობს კარტელური გარიგებების და ა.შ. ჩემი მოსაზრებით, ეს სამსახური სწორად მუშაობს. ეს არ არის მარტივი სამუშაო. ამ დროს უნდა შეხვიდე ბრძოლაში ფარმაცევტულ კომპანიებთან, რადგან ამდენი წელი ისინი სრულიად რეგულირების გარეშე მუშაობდნენ. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა იყო გამონაკლისი. ფარმაცევტული ბიზნესი რეგულაციებს და მონიტორინგს მოითხოვს.
ჩემდა გასაოცრად, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რბილად იმუშავა, რადგან როცა საქმე ფარმაცევტულ ბიზნესს ეხება, ერთი მხრივ უნდა დაიცვა პაციენტი, რომელსაც უნდა რომ წამალი დაბალ ფასად მიიღოს, მაგრამ მეორე მხრივ ბიზნესი არ უნდა დაზიანდეს.
ბოლო წლებში, როდესაც წამლებზე რეფერენტული ფასები შემოიღეს, მოკვლევის თანახმად, ამან 45%-იდან 50-54%-მდე გააიაფა წამლის ღირებულება. როდესაც წამლის ღირებულებას ვერ ცვლი, მაგრამ მომხმარებელს ეძლევა საშუალება, რომ ის ან უფასოდ ან ძალიან დაბალ ფასად მიიღოს და ამას არეგულირებს სახელმწიფო, ეს ძალიან კარგია. ასეთი 7000 მედიკამენტია ჩამონათვალში, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს და 350 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს უფასო ფარმაცევტული პროდუქტით“, – აღნიშნა მარინა ბერაძემ.