„რეტინოპათიის რისკის შესამცირებლად უმთავრეს როლს დიაბეტის სწორი მართვა თამაშობს – შოთა თადუმაძე

„საქართველოში დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში დიაბეტური რეტინოპათიის გამოვლინების ალბათობა დაახლოებით 30%-ს უტოლდება“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგმა და ოფთალმოქირურგმა შოთა თადუმაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაავადების დროული გამოვლენისა და მისი პროგრესირების რისკის შესამცირებლად აუცილებელია დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტი გადიოდეს რეგულარულ შემოწმებას სპეციალისტთან და დაავადების გამოვლინების შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროული მკურნალობის დაწყება.
„კომერსანტი“ შოთა თადუმაძეს დიაბეტური რეტინოპათიის ტიპებზე, სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებსა და იმ რეკომენდაციებზე ესაუბრა, რაც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ დიაბეტური რეტინოპათიის დროული გამოვლენისა და მისი პროგრესირების რისკის შესამცირებლად
როგორია დიაბეტური რეტინოპათიის გამოვლენის სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში?
შოთა თადუმაძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგი და ოფთალმოქირურგი: მსოფლიო სტატისტიკით დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 27% -ს დიაბეტური რეტინოპათია გამოუვლინდება. საქართველოში სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რთულია ამ ციფრის ზუსტი განსაზღვრა, თუმცა უხეში სტატისტიკით ჩვენ ქვეყანაში დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მისი გამოვლინების ალბათობა დაახლოებით 30%-ს უტოლდება.
ბოლო წლებში გაზრდილია დიაბეტური რეტინოპათიით დაავადებულ პაციენტთა კლინიკებში მომართვიანობა, რაც ერთის მხრივ ქვეყანაში დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლებას უკავშირდება, მეორეს მხრივ კი საყოველთაო ჯანდაცვის არსებობას, რომელმაც სამედიცინო მომსახურება ყველა სოციალური ფენისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი გახადა.
რა არის დიაბეტური რეტინოპათია?
დიაბეტური რეტინოპათია არის თვალის დაავადება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში. მისი არსებობისას მხედველობა თანდათან უარესდება და შორსწასულ ფაზაში შესაძლოა სიბრმავეც კი გამოიწვიოს. დიაბეტური რეტინოპათიის დროს ნეიროსენსორულ ქსოვილში – ბადურაში არსებული სისხლძარღვების ზიანდება, რაც თავის მხრივ აქვეითებს ბადურის ფუნქციას.
რომელია დიაბეტური რეტინოპათიის ტიპები და რა განსხვავებაა მათ შორის?
განასხვავებენ დიაბეტური რეტინოპათიის 2 ფორმას: პროლიფერაციულს და არაპროლიფერაციულს.
ადრეული დიაბეტური რეტინოპათიის, იგივე არაპროლიფერაციული ფორმის დროს ბადურის სისხლძარღვები სუსტდება, თავს იჩენს პატარა ზომის სისხლჩაქცევები და მიკრო ანევრიზმები. შედარებით დიდი ზომის სისხლძარღვები იცვლიან ფორმას, დიამეტრი ნორმასთან შედარებით იმატებს. ამ ყველაფერს თან სდევს სისხლძარღვებიდან ზედმეტი სითხის გამოსვლა და ჯანმრთელი ქსოვილის შეშუპება. შედეგად, მხედველობის სიმახვილე და ხარისხი მნიშვნელოვნად ქვეითდება.
პროლიფერაციული რეტინოპათიის დროს ბადურაში თავს იჩენს ე.წ ნეოვასკულარიზაცია . წარმოიქმნება ახალი, არანორმალური სისხლძარღვები. ამ ახლად წარმოქმნილი სისხლძარღვების კედელი ძალზე სუსტია, რის გამოც ადვილად ირღვევა მათი მთლიანობა. შედეგად კი ვითარდება მასიური სისხლჩაქცევა თვალის გამჭვირვალე ქსოვილში, მინისებრ სხეულში. დროთა განმავლობაში ახალი სისხლძარღვების მიმდებარედ წარმოიქმნება ახალი არანორმალური ქსოვილი, ფიბროპროლიფერაციული მემბრანა. მემბრანა მექანიკური ზემოქმედებით მოქაჩავს ბადურას და შესაძლოა მისი ჩამოცლა გამოიწვიოს.
რა სიმპტომები ახასიათებს დიაბეტურ რეტინოპათიას?
დაავადება საწყის ფაზაში შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და, დროთა განმავლობაში, მხედველობა თანდათან, ან მოკლე დროში მკვეთრად გაუარესდეს. დიაბეტურ რეტინოპათიისთვის ასევე, დამახასიათებელია მხედველობის ველში მცურავი მრავლობითი წერტილის ან სხვადასხვა ზომის ლაქების გაჩენა.
როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ოფთალმოლოგს?
პაციენტმა ოფთალმოლოგს უნდა მიმართოს დიაბეტის გამოვლენისთანავე. ძალზე მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა წელიწადში ერთხელ ჩაუტარდეთ სკრინინგული კვლევა ოფთალმოლოგის მიერ, რათა გამოირიცხოს ან დროულად გამოვლინდეს დიაბეტური რეტინოპათია. მისი გამოვლენის შემთხვევაში კი დროულად იქნას დაწყებული საჭირო მკურნალობა, რაც დაავადების პროგრესირების და შესაბამისად მხედველობის დაქვეითების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
როგორ ხდება დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტირება?
დიაბეტური რეტინოპათიის გამოსავლენად ძირითადი კვლევის მეთოდი ფუნდუსკოპია – ბადურა გარსის მიკროსკოპული გამოკვლევაა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვალის ფსკერის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფიაც. იგი იძლევა საშუალებას, ჩატარდეს ბადურა გარსის შრეობრივი ანალიზი და გამოვლინდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც მიკროსკოპული კვლევისას არ ჩანს.
ინფორმატიულ კვლევას წარმოადგენს ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, რომელიც ბადურის სისხლძარღვებიდან სითხის პათოლოგიურ ჟონვადობას გამოავლენს. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი კვლევების ჩატარება, რომლებიც თვალის ფუნქციას განსაზღვრავენ: ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, პერიმეტრია – მხედველობის ველის დადგენა და მხედველობის შემოწმება ამსლერის ბადით, რაც გამოავლენს ბადურის ცენტრის მაკულის ფუნქციის მოშლას.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
„ნიუ ჰოსპიტალსში“ წარმოდგენილი თანამედროვე აპარატურის სრული სპექტრი, ერთის მხრივ, დაავადების დიაგნოსტიკის და, მეორეს მხრივ, კი მისი მკურნალობის საშუალებას იძლევა. კლინიკაში მუშაობს ოფთალმოლოგების გუნდი, რომელიც ემსახურება დაავადების სკრინინგს, დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
საწყის ეტაპზე მკურნალობა ლაზერულ თერაპიას გულისხმობს. დაზიანებული სისხლძარღვები და ბადურა გარსი მოიწვება ლაზერის საშუალებით. ასევე ტარდება მედიკამენტის ინიექციები თვალის კაკალში, რაც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს.
რა შემთხვევაშია საჭირო ქირურგიული ჩარევა, რამდენად რთულია ოპერაცია და რამდენ ხანში იწერება პაციენტი კლინიკიდან?
უკვე შორს წასულ სტადიაში, თვალის შიგნით ვითარდება სისხლჩაქცევა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბადურის ჩამოცლასაც. ამ დროს დგება ქირურგიული ჩარევის საჭიროება. ქირურგიული ჩარევის დროს მოსცილდება თვალის შიგნით ჩაქცეული სისხლი. თუ ადგილი აქვს ბადურის ჩამოცლას, ბადურა დაბრუნდება თავის ადგილზე, ჩატარდება მისი ლაზერით გამაგრება (კოაგულაცია), რათა მომავალში მნიშვნელოვნად შემცირდეს ბადურის ჩამოცლის რისკი. ხშირ შემთხვევაში დიაბეტური რეტინოპათიის დროს ბადურა გარსის ზედაპირზე ჩნდება მასთან მჭიდრო კონტაქტის მქონე პათოლოგიური ქსოვილი – „პროლიფერაციული მემბრანა“, რომლის მოცილებაც ქირურგიული ჩარევისას ძალზე მნიშვნელოვანია.
ჩვენ კლინიკაში მსგავსი ოპერაციები უმეტესწილად ზოგადი ანესთეზიის დახმარებით ტარდება. შესაბამისად, პაციენტი სახლში ოპერაციის მეორე დღეს ბრუნდება.
რა რეკომენდაციები გაქვთ, დიაბეტური რეტინოპათიის თავიდან ასაცილებლად, ან პრევენციისთვის?
დაავადების დროული გამოვლენისა და მისი პროგრესირების რისკის შესამცირებლად აუცილებელია დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტი გადიოდეს რეგულარულ შემოწმებას სპეციალისტთან. მისი გამოვლინების შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროული მკურნალობის დაწყება. რეტინოპათიის რისკის შესამცირებლად უმთავრეს როლს თამაშობს მისი გამომწვევი სისტემური დაავადების – დიაბეტის სწორი მართვა. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ენდოკრინოლოგი, თერაპევტი და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.