რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოსთან აქციას მართავს.
კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, ისინი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც აქციის მონაწილეები ხელს მოაწერენ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან გაგზავნილი წერილის მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ დაწვრილებით გაეცნოს მათ პრობლემას. ასევე, შეჩერდეს ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანება.
“23 იანვრიდან ყოველდღიურად იკრიბება აქცია. მათ შორის, ერთხელ სოლიდარობის ჯაჭვის აქცია ისევ ჩატარდა, სადაც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები, ჩვენი სტუდენტები, პაციენტები და სხვა საავადმყოფოს პერსონალი, რომელიც სოლიდარულია ჩვენი აქციის მიმართ და რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობა ამ ქვეყანაში.
დღესაც დიდი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ღია წერილით მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა და ხვალ გავგზავნით.
ჩვენ ვთხოვთ [ირაკლი კობახიძეს] დაწვრილებით გაეცნოს ჩვენს პრობლემას, მითუმეტეს მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაწყვეტაში და შევახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და გადავცემთ ჩვენს მოთხოვნას, რომ ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანებულება შეჩერდეს, გაუქმდეს და სამუშაო რეჟიმში დაიწყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედისა და საავადმყოფოს პერსონალის ბედის გადაწყვეტა, ჩვენივე ჩართულობით” , – განაცხადა ნინო ოთარაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-ამდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით