რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფმა კლინიკაში ხელმოწერების შეგროვება და სარჩელის მომზადება დაიწყო – მედიკოსები რეორგანიზაციის პროცესს აპროტესტებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფმა კლინიკაში ხელმოწერების შეგროვება და სარჩელის მომზადება დაიწყო. მედიკოსები სამედიცინო დაწესებულებაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესს აპროტესტებენ. აცხადებენ, რომ სტრუქტურული ცვლილებების ფონზე სამინისტროსთან მოლაპარაკებები ვერ შედგება და სამართლებრივ დავას აპირებენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს მუშაობის გაგრძელება შეუძლია. თუმცა, ამ ეტაპზე ექიმების ნაწილი სხვა კლინიკაში დასაქმებაზე უარს ამბობს. მიაჩნიათ, რომ საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ უნდა მოხდეს და არც ექიმების არსებული გუნდი უნდა დაიშალოს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მისაღებად 13 კლინიკა უკვე მზად არის. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა სამინისტროს ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა. ლევან რატიანი ამბობს, რომ სხვადასხვა პოზიციაზე 50 ახალი თანამშრომლის მიღება შეუძლია.
სამედიცინო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელი საქართველოს კლინიკების გაერთიანებაა. ჰოლდინგი თბილისსა და რეგიონებში 40-მდე ჰოსპიტალის მენეჯმენტს ახორციელებს. ორგანიზაციამ სპეციალური ვებგვერდიც შექმნა, სადაც დასაქმების მსურველ მედიკოსებს მონაცემების გაგზავნა მარტივად შეუძლიათ. ჰოლდინგი ინდივიდუალური მოლაპარაკებების საფუძველზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ანაზღაურების უკეთეს პირობებსაც სთავაზობს.
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს კვლავ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ილია ღუდუშაურის ინფორმაციით, ექიმების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა კლინიკებში გადასვლას და მუშაობას უკვე დათანხმდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეთანხმება კონფიდენციალურია.
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი “ქართუ”. მათი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2007 წელს, ბრიტანული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევით დადასტურდა, რომ კლინიკა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს და დადგა ახალი შენობების საჭიროება. განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ გეგმის განხორციელებას ხელი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა შეუშალა, რის შემდეგაც “ქართუმ” ძირეულად შეზღუდა კონტაქტები მაშინდელ ხელისუფლებასთან, თუმცა ფონდმა სხვადასხვა პერიოდში, საავადმყოფოს სასარგებლოდ 35 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.