რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. ისინი ითხოვენ, რომ გაუქმდეს მთავრობის განკარგულება საავადმყოფოში რეორგანიზაციასა და კლინიკის დემონტაჟის შესახებ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს 200-მდე თანამშრომელი ხელმოწერებს აგროვებს. ისინი აცხადებენ, რომ მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ არის მიუღებელი და მთლიანად ეს პროცესი წარიმართა მათთან კომუნიკაციის გარეშე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო იმისათვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, იძულებულები არიან, რომ 5 თებერვლიდან 15 თებერვლამდე დაწერონ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ გაათავისუფლებენ.
“ვასაჩივრებთ მთავრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს შენობის დემონტაჟს და ვასაჩივრებთ მის შემდეგ მიღებულ ბრძანებას რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც რეალურად, არ არის ეს რეორგანიზაცია, ეს არის მასობრივი დათხოვნა. პრობლემა არ არის ის, რა მოელის აქ თანამშრომლებს. არ დავიღუპებით, ყველა თავის გზას მოძებნის, მაგრამ ქალაქი და ქვეყანა დარჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გარეშე”, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი მალხაზ გოგუა.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, “თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს”.
მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით”.