რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა კლინიკასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა კლინიკასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ.
კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ შეჩერდება „შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარი და ნაჩქარევად მიღებული რეორგანიზაციის პროექტი, აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ“.
„ჯანდაცვის სამინისტრო გველაპარაკება ულტიმატუმის ენით, რომ „თუ თქვენ 5 თებერვლამდე გადაწყვეტილებას არ მიიღებთ და არ დათანხმდებით ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაციას, მაშინ 5-იდან 15 თებერვლამდე რეორგანიზაციის პროცესში, ჩვენ ვიცით რასაც გიზამთ”. ასეთი ულტიმატუმით საუბარი ჩვენთვის მიუღებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ მთელი ერთი წლის განმავლობაში მზად ვიყავით სამუშაო პროცესისთვის და შეხვედრებისთვის. სამწუხაროდ, ახლანდელი ყველა შეხვედრა ეფუძნება მხოლოდ კომპენსაციაზე საუბარს, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
ამიტომ არ ვხვდებით ჯანდაცვის მინისტრს, ვიდრე არ შეჩერდება შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარი, ნაჩქარევად მიღებული რეორგანიზაციის პროექტი. ამის შემდეგ ჩვენ შევხვდებით მინისტრსაც და აბსოლუტურად ყველას, სამუშაო მაგიდასთან, სამუშაო რეჟიმში რესპუბლიკურის და მისი შემდგომი ბედის განსახილველად“, – განაცხადა ნინო ოთარაშვილმა.
ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების შემდეგ დღევანდელი აქცია დასრულდა.