რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და სხვა თანამშრომლების ნაწილი კლინიკის შენობის დემონტაჟს აპროტესტებს. მათ დღეს საავადმყოფოს ეზოში გამართეს აქცია, 26 იანვარს კი ჯანდაცვის სამინისტროსთან, უფრო ფართომასშტაბიან დემონსტრაციას გეგმავენ. ისინი ითხოვენ, პირადად შეხვდეს მინისტრი და დეტალურად აუხსნას შენობის დემონტაჟის მიზეზები და სამომავლო პერსპექტივები.
ისინი არ ენდობიან მთავრობის პირობას, რომ ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ვარაუდობენ, რომ ტერიტორია, შესაძლოა, სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ.
გარდა ამისა, მათთვის მიუღებელია, თუნდაც დროებით, სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილების პერსპექტივა. ასევე, ბუნდოვანია, მოახერხებენ თუ არა ახალაშენებულ კლინიკაში დასაქმებას.
უნდობლობის ერთ-ერთ მიზეზად ისინი “უპრეცედენტოდ მაღალ” კომპენსაციას ასახელებენ. ფიქრობენ, რომ სამინისტრო ასეთ კომპენსაციას იმიტომ სთავაზობს, რომ პროტესტი ჩააცხროს და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოუწიოს.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის შეფასებით კი, პირიქით, კომპენსაციის ასეთი მექანიზმის შეთავაზება ხაზს უსვამს სახელმწიფოს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას ექიმების მიმართ.
“მიღებულია უპრეცედენტო შეთავაზების პირობა, რომელიც გულისხმობს როგორც 4-თვიან, ისე 1-წლიან და 3-წლიან კომპენსირების მექანიზმს. შეთავაზების ეს პაკეტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის მედპერსონალი და ზოგადად, იქ დასაქმებული ნებისმიერი პირი. ყველა ის შეთავაზება, ყველა ის შეთანხმება, რომელიც თანამშრომელსა და კლინიკას შორის იქნება გაფორმებული, იქნება აღსრულებული”, – განაცხადა ფერაძემ მთავარ არხთან საუბრისას.
მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჯაროვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება.
ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციის ამგვარი მექანიზმი შესთავაზა:
· ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
· თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით 4 თვის ხელფასს მიიღებს.
· სამედიცინო პერსონალს, რომელიც 12- თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
· სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურად გადაუხდის სახელფასო ანაზღაურებას.
გადაწყვეტილების მისაღებად რესპუბლიკურის თანამშრომლებს 2-კვირიანი ვადა მისცა.