რესპუბლიკელი კანონმდებლები ტრამპს მოუწოდებენ, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს და განაგრძოს უკრაინის დახმარება როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით, რამდენადაც აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების შეწყვეტა ამ ომში დიდი ზიანის მომტანი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hill ავრცელებს.
გამოცემის თქმით, რესპუბლიკელები აღნიშნავენ, რომ ტრამპს აქვს უფლება დროებით შეაჩეროს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რათა შეაფასოს ომის მიმდინარეობა, მოახდინოს ზეწოლა ნატოს წევრებზე, რომ მათ გაიღონ თავისი წვლილი და შექმნას ფანჯარა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. მაგრამ ისინი აფრთხილებენ ტრამპს, რომ იარაღისა და ამუნიციის მიწოდების შეწყვეტა უკრაინისთვის დიდი ხნის განმავლობაში, დიდ დარტყმას მიაყენებს უკრაინას ომში წინააღმდეგობის გაწევის უნარის თვალსაზრისით და გამოაცლის ბერკეტს რუსეთთან მოლაპარაკებებში.
კანონმდებლების თქმით, უნდა განახლდეს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაც უკრაინისთვის.
რესპუბლიკელი სენატორი ტომ ტილისი, რომელიც რესპუბლიკელთა შორის წამყვან მხარდამჭერად ითვლება უკრაინის მიმართ, ამბობს, რომ დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის პუტინის დახმარება შეიძლება იყოს.
„ვღელავ იმაზე, როგორც რას გრძნობს და როგორ აღიქვამს ამას ხალხი ბრძოლის ველზე. […] მე ვიცი, როგორც უმძიმს ხალხს უკრაინაში. იქ ორი კვირის წინ ვიყავი“, — თქვა სენატორმა.
ტილისის თქმით, უკრაინას საკმარისი იარაღი და ამუნიცია აქვს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე პოზიციები შეინარჩუნოს, მაგრამ იმედს გამოთქვამს, აშშ-ის მხრიდან დახმარების შეჩერება დიდხანს არ გასტანს.
რესპუბლიკელმა სენატორმა, სიუზენ კოლინზმა აღნიშნა, რომ დახმარების დაპაუზებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. სენატში უმრავლესობის ლიდერი ჯონ თუნი ხაზს უსვამს, რომ სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითი ხასიათის იქნება, როგორც მოლაპარაკების ნაწილი, რაც სამშვიდობო შეთანხმებითა და უკრაინელი ხალხის პატივისცემით დასრულდება. ამავე აზრზე არიან სხვა რესპუბლიკელი სენატორებიც, ლინდსი გრემი, ჯონ კორნინი, მაიკ რაუნდსი, დებ ფიშერი.
რესპუბლიკელი კანონმდებლები შეაშფოთა ტრამპის განცხადებამაც იმის თაობაზე, რომ დაახლოებით 240 000 უკრაინელისთვის დროებით მინიჭებული სამართლებრივი სტატუსის შეჩერებას ფიქრობს.
ნახეთ ასევე:
· ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი შეიარაღების მიწოდება დააპაუზა – მედია
· ტრამპი: რუსეთისთვის ახალ სანქციებსა და ტარიფებს განვიხილავ
