„სამოქალაქო თვითშეგნება საქართველოში ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული იმ დონეზე, რომ ბიზნესმა იგრძნოს ერთიანობის ძალა. ვთქვათ, ერთმა ამოიღო ხმა – მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სხვებიც სოლიდარულად დაუდგებიან გვერდით“, – ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა რესან ქიქავამ გააკეთა, სადაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ აღარ სვამენ ბიზნესმენები „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე კითხვებს არც შეჩერებულ ევროინტეგრაციაზე და პოლიტიკურ და ინსტიტუციურ კრიზისზე, რომელიც სულ უფრო ღრმავდება და გავლენას ახდენს ბიზნესგარემოზეც. ბიზნესმენი მსხვილი ბიზნესმენების უმრავლესობის დუმილს ორი ფაქტორით ხსნის: პოლიტიკური კულტურით და ბიზნესის მხრიდან სუსტი სამოქალაქო შეგნებით. რესან ქიქავას მთავარი გზავნილია ასეთია – ქვეყნის გადარჩენის გზა იწყება ხმის ამოღებით და ერთიანობით.
– რთულად წარმოსადგენია, საქმიანი ადამიანები ვერ იაზრებდნენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ ფაქტია, მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოყოლებული ბიზნესმენები ისეთი აქტიურები არ არიან, ვიდრე 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში… ეს ტაქტიკური დუმილია თუ ბიზნესის თვითცენზურა?
– ეს ორმხრივი პროცესია. ერთი მხარე არის პოლიტიკური კულტურა – იმ ადამიანების, ვინც ხელისუფლებაშია. ჩვენ ვიცით, რა დონეზეა ეს კულტურა, მით უმეტეს, როცა უკვე ავტოკრატიაზეა საუბარი – იქ საერთოდ აღარ არსებობს საზღვარი არაფრისთვის. ყველაფერზე შეგიძლია წახვიდე და მადლობა, რომ დღეს არ მიდიხარ, მაგრამ ხვალ თუ წახვალ, არანაირი გარანტია არ მაქვს. მეორე მხარეა სამოქალაქო კულტურა კერძო სექტორის, ბიზნესმენების მხრიდან. ბუნებრივია, ყველას ერთნაირი შეფასება არ აქვს, მაგრამ ხშირად ისმის კითხვა: რატომ არ ლაპარაკობენ, რატომ არ იღებენ ხმას, ან რატომ არ საუბრობენ კონკრეტულ თემებზე ხმამაღლა ისინი, ვისაც აქვს [კრიტიკული] მოსაზრება?! იმიტომ, რომ სამოქალაქო თვითშეგნება საქართველოში ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული იმ დონეზე, რომ ბიზნესმა იგრძნოს ერთიანობის ძალა. ვთქვათ, ერთმა რომ ამოიღოს ხმა – უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სხვებიც სოლიდარულად დაუდგებიან გვერდით. როგორც ვიხილეთ, მაგალითად, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი დაკავებისას — იყო პატარა ნაპერწკალი იმედისა და სოლიდარობის. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის სოლიდარობა დღეს არაა ყველა სფეროში, მაშინ როცა ეს უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ღერძი, რაზედაც ის უნდა იდგეს. ჩვენთან ეს კულტურა, სამწუხაროდ, არ შედგა. შედეგად, ჩნდება ნიჰილიზმი — განცდა, რომ „თუ ეს არ იქნება, სხვა იქნება და ისიც ზუსტად ასე მოიქცევა“. ამიტომ ბევრი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ პარტნიორებზე, საკუთარ გადარჩენაზე. ჩემი აზრით, ამ ადამიანებს გადარჩენის გზა არასწორად აქვთ დანახული. სინამდვილეში, გადარჩენის გზა გადის სოლიდარობაზე. გადარჩენის გზა გადის ძლიერის პოზიციიდან საუბარზე. ძლიერი კი ხარ მხოლოდ მაშინ, როცა ერთიანობა არსებობს. თუ ერთიანობა არ არის — ცხადია, ვერც ვერავინ იღებს ხმას; და როცა ვამბობთ „ხმის ამოღება“, ეს ხომ არ ნიშნავს აუცილებლად კონფრონტაციას? არის საკითხები, რომლებიც ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი. თუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, მოქალაქეობა მხოლოდ უფლება ხომ არ არის?! მას პასუხისმგებლობაც ახლავს. მათ შორის ის პასუხისმგებლობა, რომ როცა ხედავ, რაღაც არასწორად კეთდება, ამაზე ხმა უნდა აიმაღლო. სხვა შემთხვევაში, რა აზრი აქვს შენს მოქალაქეობას?! მოქალაქეობა ხომ სადღეგრძელო არ არის…
– ან რა აზრი აქვს მხოლოდ წარმატებულ ბიზნესს?! თუმცა მეორე მხარეა – უკვე წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში, აკეთო ბიზნესი და ამავე დროს იყო მოქალაქეობრივად აქტიური?
– თუ შენ იხდი გადასახადებს – თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით – როგორც მოქალაქე, ისე როგორც ბიზნესი – და თუ შენ იმის თავიც არ გაქვს, რომ საით მიიმართება შენ მიერ გადახდილი გადასახადები, ამაზე ხმამაღლა ისაუბრო, როცა ხედავ, რომ რაღაც არასწორად კეთდება, ეს უკვე პრობლემაა. ახლა გვაქვს ეგზისტენციალური კრიზისი და საქმე არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებს – ჩემი გადასახადები კორუფციონერ ჩინოვნიკთან წავიდა თუ – არა. ჩვენ დღეს ქვეყნის მოწყობაზე ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რა ტიპის ქვეყანას ვიღებთ, უფრო სწორად, რა ტიპის ქვეყანა გვაქვს დღეს. თუ ამაზეც კი ვერ ვსაუბრობთ, მაშინ საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ?! სადღეგრძელოები თქვა საქართველოზე?! ამ ქვეყანას როგორ ემსახურები?! იმ გადასახადებს, რასაც იხდი, თუ არ მიჰყვება არანაირი მოთხოვნა სახელმწიფოსთან, რატომ ფიქრობ, რომ ვიღაც რაღაცას გააკეთებს შენს ნაცვლად?! რატომ ელოდები, სანამ პირადად შენ შეგეხება პრობლემა?! როცა შენამდე მოვა, უკვე აღარავინ დარჩება ხმის ამომღები… ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით.