რეჟისორი ზვიად ციკოლია – წინააღმდეგობის ფორმები ვითარდება და თეატრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაიფიცა – გაფიცვა განვითარების გზაზე დგას და ძალიან მალე იგეგმება კიდევ საყოველთაო გაფიცვები

კულტურის სფერო ცდილობს, დარჩეს მოწოდების სიმაღლეზე და იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც არ შეურიგდება ძალადობას – გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს, – ამის შესახებ რეჟისორმა, ზვიად ციკოლიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კულტურის სფეროს უმთავრესი ამოცანაა, დაეხმაროს ქართულ საზოგადოებას კონსოლიდირების საქმეში.
როგორც ციკოლია აღნიშნავს, პროტესტის მოთხოვნები უცვლელია – ახალი ს დანიშვნა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებულების გათავისუფლება.
„კულტურის სექტორი, როგორც ყველა სხვა, არის ძალიან ინტენსიურად ჩართული წინააღმდეგობის პროცესში. ამ რეჟიმს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ტერორში ამყოფებდა ქართულ საზოგადოებას, არ ვემორჩილებით. წინააღმდეგობა სულ ახალ-ახალ ფორმებს იძენს და ვითარდება. კულტურის სექტორი აქამდეც და ამიერიდანაც იქნება ინტენსიურად ჩართული ამ ბრძოლაში. არ ვაპირებთ, რომ უკან დავიხიოთ, არ ვაპირებთ, რომ თავი დავუხაროთ ძალადობას, არ შევურიგდებით ძალადობას.
წინააღმდეგობის ფორმები ვითარდება და თეატრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაიფიცა. გაფიცვა განვითარების გზაზე დგას და ძალიან მალე იგეგმება კიდევ საყოველთაო გაფიცვები. ასევე ვნახეთ ბევრი შემთხვევა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან აღარ თანამშრომლობს ხალხი, განსაკუთრებით ჩვენი სფეროს წარმომადგენლები. ვხედავთ ბოიკოტის ფორმებს, როდესაც მათთან ვინც თანამშრომლობს, მათთან აღარ გვაქვს ურთიერთობა და გვინდა, რომ გავწყვიტოთ ყოველგვარი კონტაქტი ბიზნესებით დაწყებული, ყველა დანარჩენით დამთავრებული.
ასევე, ვხედავთ დაუმორჩილებლობის ფორმებს. ამის მკაფიო მაგალითები ჩვენს სფეროშიც ძალიან ბევრია და სხვა ქალაქებშიც ვხედავთ, როდესაც ახალ რეპრესიულ კანონებს არ ემორჩილება საზოგადოება. ასევე, მხილების ფორმები, როდესაც ვამხელთ მათ, ვინც დანაშაულს სჩადიან და ვინც ამ რეჟიმს აძლიერებენ. არ შევურიგდებით ამას და ამაშიც ინტენსიურად არის ჩართული კულტურის სფერო. ჩვენი სფერო ცდილობს, დარჩეს მოწოდების სიმაღლეზე და იყოს ერთ-ერთი ფლაგმანი და ერთ-ერთი პირველი, რომელიც არ შეურიგდება ძალადობას. ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის ისევ იგივე, რომ დავეხმაროთ ქართულ საზოგადოებას კონსოლიდირების საქმეში და საბოლოო ჯამში, ყველა ინსტრუმენტი, რომლითაც წინააღმდეგობას გავუწევთ, იქცეს საყოველთაო ინსტრუმენტად, ეფექტიან ინსტრუმენტად, რომ მივიღოთ შედეგი.
შედეგი უცვლელია – ჩვენ გვინდა ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნება, გვინდა, რომ ეს ყველაფერი იქცეს პოლიტიკურ პროცესად, რაც მხოლოდ ერთი რამით არის შესაძლებელი – უნდა დაინიშნოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ ჩვენი კოლეგები და მეგობრები უსამართლო პატიმრობიდან. უნდა გამოუშვან ისინი დილეგებიდან, რადგან სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანის ციხეში ყოფნა და მრავალწლიანი პატიმრობის მუქარა არის წამების და ტერორის ფორმა. ქართველმა საზოგადოებამ უკვე მკაფიოდ თქვა „არა“, რომ ამას არ შეურიგდება და გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ მივიღებთ შედეგს”, – განაცხადა ციკოლიამ.