რეჟისორი გაგნიძე ბათუმის თეატრიდან სპექტაკლის მოხსნაზე პასუხისმგებლობას აკისრებს თეატრის სამხატვრო საბჭოსაც: „ამას ფლიდობა ეწოდება“

რეჟისორი გეგა გაგნიძე, რომლის სპექტაკლიც (DARK WEB) ბათუმის დრამატული თეატრმა გააუქმა, ამ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციის „უმეცრებითა და უგუნურებით“ ხსნით. ის ამაში პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც ადმინისტრაციას, ისე თეატრის სამხატვრო საბჭოს.
მისი სიტყვებით, „ასე ხდება მაშინ, როცა საჯარო თანამდებობაზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია მის ხელდამსხმელთან და არა საზოგადოების წინაშე“.
· ბათუმის თეატრს 2025 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს მსახიობი კოტე მჟავია, — მსახიობი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ „ღამის შოუში“ 2023 წელს „ცნობილ თამადად“ გააცნეს საზოგადოებას;
· კოტე მჟავიამ ამ პოსტზე „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ნუკრი ქანთარია ჩაანაცვლა. დირექტორს აჭარის კულტურის სამინისტრო ნიშნავს.
როგორც რეჟისორი იხსენებს, მისი სპექტაკლის გაუქმებამდე ერთი დღით ადრე, თეატრის ხელმძღვანელმა „შემომითვალა, რომ თურმე „მაღლა“ ზარი იყო შესული და თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა“.
„მე მართალი ვარ შემოქმედებით ჯგუფთან, რომელთან ერთადაც 2 თვეზე მეტი ვიშრომე! მართალი ვარ თეატრის წინაშე.
მართალი ვარ ბათუმელებთან; გათენებულ ღამეებთან, საკუთარ პროფესიასთან; საკუთარ სინდისთან და სამოქალაქო პოზიციასთან. გულითად მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც უხილავი შრომისთვის გაისარჯა…
ჰო და ბოლოს, მიპატიებია ყველასთვის ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა“, – წერს რეჟისორი „ფეისბუკში“.
სპექტაკლის პრემიერა 7 თებერვალს იყო დაგეგმილი. ბილეთები სრულად გაყიდული იყო.
აფიშის მიხედვით, DARK WEB-ი (ქართულად „ბნელი ქსელი“) არის გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლი, რომელიც „რეფლექსირებს თანამედროვე ციფრულ სამყაროში გაბატონებულ ძალადობასა და სისასტიკეზე“ და „იკვლევს ძალადობის წარმოშობის მიზეზებსა და მოტივაციებს“.
სპექტაკლში უნდა ეთამაშათ: მეგი კობალაძეს, დავით ჯაყელს, ეკატერინე ჩავლეიშვილს, გიორგი ყურავას, თეონა შამილაძესა და თათია თათარაშვილს.
რეჟისორის ვებსაიტზე გამოსახულია პრო-ევრული დემონსტრაციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი პოსტერი.
სპექტაკლის მოხსნის მიზეზი
DARK WEB-ის პრემიერამდე ორი დღით ადრე, 5 თებერვალს ბათუმის დრამატულმა თეატრმა განცხადება გაავრცელა. მასში ეწერა, რომ „კატეგორიულად ემიჯნება“ იმას, რასაც „თეატრის სივრცის პოლიტიზირებას“ უწოდებს.
„საპრემიერო ჩვენებიდან ორი დღით ადრე, თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს.
შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება“, – ეწერა თეატრის განცხადებაში.