„რეჟიმს აფრთხობს ნებისმიერი ერთობა“ – ახალ გაერთიანებებს იუსტიცია ისევ არ არეგისტრირებს

დღეს, 27 მარტს, სამი ახალი გაერთიანების წარმომადგენლები, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო არ არეგისტრირებთ, იუსტიციის სახლთან იყვნენ მისულები.
როგორც „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახუშტი მენაბდე აცხადებს, იუსტიციის სამინისტროს არცერთი არგუმენტი აქვს იმაზე, თუ რატომ არ არეგისტრირებს მათ გაერთიანებას.
მისი თქმით, რეჟიმს აფრთხობს ნებისმიერი ერთობა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
„დღეს აქ შევიკრიბეთ იმის სათქმელად, რომ იუსტიციის სამინისტრო ჩვენს ორგანიზაციებს უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. ჩვენ სამივე ორგანიზაციას გვაქვს პრობლემები რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
„მოძრაობამ სოციალური დემოკრატიისთვის“ თებერვლის ბოლოს მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციისთვის. 25 თებერვალს ჩვენ უკვე ყველა დოკუმენტი წესრიგში გვქონდა და 26 თებერვალს იყო ბოლო ვადა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს უნდა დაერეგისტრირებინა ჩვენი მოძრაობა, თუმცა დღემდე პასუხი არ გვაქვს და ყველა დღე 26 თებერვლის შემდეგ არის ვადის გადაცილება. ეს არის უარი რეგისტრაციაზე.
იუსტიციის სამინისტროს არცერთი არგუმენტი აქვს, ამიტომ ის, უბრალოდ, დუმს და აიგნორებს ჩვენს მოთხოვნას რეგისტრაციის თაობაზე. ეს არის ჩვენი საქმიანობის ხელშეშლა. ჩვენ როგორც იურიდიული პირი ვერ ვფუნქციონირებთ სრულფასოვნად რეგისტრაციის არარსებობის პირობებში. ჩვენ ამას ვუკავშირებთ იმას, რომ რეჟიმს არ სურს დაარეგისტრიროს მოქალაქეთა გაერთიანებები, რადგან ხელს უშლის. მას აფრთხობს ნებისმიერი ერთობა, ადამიანების ნებისმიერი შეკავშირება სოლიდარობის და ძალთა გაერთიანების საფუძველზე უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
ფსიქოლოგთა პროფკავშირების წარმომადგენლის, ნათია სორდიას განცხადებით, ის რომ სამ გაერთიანებას ეუბნებიან უარს რეგისტრაციაზე, საერთო საფუძვლის არსებობაზე მიანიშნებს.
„ფსიქოლოგების პროფკავშირმაც თებერვლის ბოლოს შევიტანეთ პირველად განაცხადი. პირველი ხარვეზის შემდეგ, გასწორებული ვერსია მეორედ 7 მარტს დავარეგისტრირეთ. წესით, 10 მარტისთვის უკვე უნდა გვცოდნოდა პასუხი, თუმცა დღემდე არ მიგვიღია. ცხელ ხაზზე როცა ვრეკავთ, გვეუბნებიან, რომ ტექნიკური ჯგუფი მოგვაწვდის ინფორმაციას 2-3 სამუშაო დღეში. გავიდა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე 2-3 სამუშაო დღეა. კომპეტენტურ პასუხს ამ უწყებისგან ვერ ვიღებთ. ჩვენს მდგომარეობაში არის საჯარო მოხელეების პროფკავშირი და მოძრაობაც, შესაბამისად, რაღაც საერთო საფუძველზე შეიძლება ვიფიქროთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს დღევანდელ შეხვედრას რაღაც რეაგირება მოჰყვება. დიდი იმედი მაქვს, რომ დაგვარეგისტრირებენ“, – განაცხადა ნათია სორდიამ.
საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლის, კახი სამხარაძის თქმით, 3 თვეა დარეგისტრირებას ცდილობენ და მათ გაერთიანებას იუსტიციის სამინისტრომ უარი უკვე რვაჯერ უთხრა.
„არცერთი ლოგიკური არგუმენტიც კი არ მოგვისმენია საჯარო რეესტრის მხრიდან თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი გაერთიანების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
თუმცა, ბოლო შეფერხება სარეგისტრაციო პროცესში უკავშირდება ასევე სხვა გაერთიანებებს. საჯარო რეესტრმა ჩვენ სამი გაერთიანების თანხმობა მოგვთხოვა იმისათვის, რომ რეგისტრაცია საბოლოოდ დაესრულებინა. ამ სამიდან ორის თანხმობა წარდგენილი გვაქვს საჯარო რეესტრში და ცენტრალური პროფესიული კავშირის წევრი ერთი ორგანიზაციის თანხმობას ითხოვდა საჯარო რეესტრი ჩვენგან. ამ ორგანიზაციისგან ჩვენ მივიღეთ უარი. ფაქტობრივად, რეგისტრაციის შეფერხების ბოლო ეტაპზე ეს ორგანიზაცია თანამონაწილე გახდა საჯარო რეესტრის და იუსტიციის სამინისტროს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების, რომ საჯარო მოსამსახურეებს არ გვქონდეს უფლება პროფესიულ კავშირად დარეგისტრირების“, – განაცხადა კახი სამხარაძემ.
ნეტგაზეთი მეორე დღეა იუსტიციის სამინისტროსგან ელის პასუხს, მაგალითად, რატომ ეთქვა უარი „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

თეა წულუკიანი – უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები, რომ სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ – გეგმა, რომელიც ჩვენმა ღირსეულმა სამხედროებმა შეადგინეს, იქნა გვერდზე გადადებული