პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, რუსუდან თევზაძის განცხადებით, მზია ამაღლობელის მიმართ ზეწოლის და ღირსების შემლახველი სხვადასხვა საბჭოთა მეთოდი გამოიყენეს, მაგრამა ის მაინც ვერ გატეხეს.
მისი თქმით, რეჟიმი, ასეთივე საბჭოთა მეთოდებით ებრძვის, სამოქალაქო აქტივისტს და თავისუფალ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს.
„არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე და რუსული ინტერესების გამტარებელმა ე.წ. ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა. დღეს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი კვლავ გადაიდო. რეჟიმის დავალებით, უსამართლო სასამართლო ბოლომდე ცდილობს მზიას სახით ქვეყანაში მოკლას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს! მზია ამაღლობელის მიმართ რეჟიმის დავალების შემსრულებლებმა გამოიყენეს ზეწოლის და ღირსების შემლახველი სხვადასხვა საბჭოთა მეთოდი, მაგრამ მზია მაინც ვერ გატეხეს.
რეჟიმი, ასეთივე საბჭოთა მეთოდებით ებრძვის, სამოქალაქო აქტივისტს და თავისუფალ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, რომელიც უსამართლოდ ციხეში გამოკეტა და, მეტიც, ნების საწინააღმდეგოდ გუშინ ფსიქიატრიულში გადაიყვანა. ამით ე.წ. ხელისუფლება აფრთხილებს და, პრაქტიკულად, უკრძალავს 60 000 მასწავლებელს, თავისუფალი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვას. ძვირფასო მასწავლებლებო, არ შეშინდეთ, დაიცავით თქვენი პროფესია და ღირსება. თქვენ ყველაზე ძლიერი და ნათელი ძალა ხართ. მასწავლებელთა საზოგადოებას აქვს დიდი გავლენა, დღევანდელი უსამართლობის შესაცვლელად და მომავალი თაობის სასარგებლოდ. ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მზიას! სოლიდარობა ნინოს! სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს!“ – აცხადებს რუსუდან თევზაძე.
ნინო დათაშვილი არის პედაგოგი, რომელიც 20 ივნისს, იმავე მუხლით დააკავეს, რა მუხლითაც 6 თვით ადრე მზია ამაღლობელი. პროკურატურა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოხელეზე თავდასხმას ედავება: ამაღლობელს პოლიციელზე, ხოლო დათაშვილს – თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე. ორივე მათგანის შემთხვევაში პროკურატურა თავდასხმად აფასებს სილის გარტყმას მას შემდეგ, რაც აწ უკვე ბრალდებულ ქალებს კაცები შეურახმყოფელად და ღირსების შემლახველად მოექცნენ.
გუშინ, 2 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. თუ ნინო დათაშვილი უარს განაცხადებს ამ შემოწმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანენ. შემოწმების მიზნით დათაშვილმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს.
