,, რეჟიმი ახალ საფეხურზე გადადის და ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა” – ვახუშტი მენაბდე

იურისტი ვახუშტი მენაბდე პრიკურატურის განცხადებაზე:
,,რას გვეუბნება პროკურატურის განცხადება?
ეს არ არის არც აგენტების და არც გრანტების კანონი, არც ფარა, ეს არის სამშობლოს ღალატის მუხლები. სულ ცოტა, სამი უმძიმესი მუხლით მიდის გამოძიება.
იცით ეს რას ნიშნავს? სასჯელები, ასეთია 7-15 წელი, 15-20 წელი, 10-20 წელი, უვადო.
რა მუხლებია ეს:
საბოტაჟი (მ. 318) – საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა (2-4 წელი); ამავე მიზნით ნაგებობის, ტექნიკის, განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება (5-10 წელი); იგივე ქმედება ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (10-20 წელი, უვადო).
უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მ. 319) – ასეთი დახმარება, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის 318-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები (7-15 წელი).
საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა (მ. 321 პრიმა): მატერიალური რესურსების შეგროვება იმის შეცნობით, რომ იგი შესაძლებელია გამოიყენონ [318 და 319 მუხლებით] გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩასადენად (6-10 წელი); იგივე ქმედება თუ ის ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან არაერთგზის (10-15 წელი); თუ ამ ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია (15-20 წელი).
თუ ვნახავთ რა ქმედებაში დებს პროკურატურა ბრალს ამ 7 ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვნახავთ, რომ ზემოთ ჩამოწერილი მუხლების ყველაზე მძიმე შემადგენლობებზეა საუბარი.
საჯარო განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ ეს ორგანიზაციები:
– მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ;
– უზრუნველყოფდნენ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ მფარველობას;
– იყენებდნენ ფინანსებს სპეციალური აღჭურვილობის შესაძენად.
როგორც ჩანს, რეჟიმი ახალ საფეხურზე გადადის და ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა.”