რეჟიმის სპიკერებმა მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური მოძრაობა დააფუძნეს

ქართული ოცნების რეჟიმის სპიკერებმა – ვატო შაქარიშვილმა, ნანა კაკაბაძემ, გელა ნიკოლაიშვილმა, ბიძინა გიორგობიანმა და ლევან ნიკოლეიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა – ერთიანი ნეიტრალური მოძრაობა დააფუძნეს. მათი განცხადებით, “იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერება სწორი მიმართულებით განვითარდეს და ხალხმა პოლიტიკაში არა ყალბი დოგმებით, არამედ პრაგმატულად იაზროვნოს”, ქმნიან საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ისინი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.
მოძრაობის დამფუძნებლების თქმით, “ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანი რაციონალურ დასაბუთებას არის მოკლებული” და “ქართული საზოგადოება ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევალია”.
“ყველას კარგად მოეხსენება, რა შედეგი მიიღო მ მას შემდეგ, რაც უკრაინული საზოგადოება 2013 წელს ამავე თემის პოლიტიკურ მძევლად აქციეს. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, რომელიც დოგმად გარდაიქმნება და საზოგადოებაში რაციონალურ და პრაგმატულ მსჯელობას აღარ ექვემდებარება, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საშიშ ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული” – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა და აღნიშნა, რომ “ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაცია უკვე აშკარად დაეტყო ყველა სფეროს”, ასევე, “ევროპის ეკონომიკურ კრიზისს დაერთო მისი ღირებულებითი და დემოკრატიული კრიზისი”.
“დღეს უამრავი მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული პოლიტიკაც და ბიუროკრატიაც არა ევროპელი ხალხის, არამედ თავიდან ბოლომდე უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით გაუხსნეს მათ კარი ტოტალურ მიგრაციას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს ეროვნულ იდენტობას სწრაფი ტემპით აკარგვინებს. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით ანაცვლებენ ისინი ევროპისთვის ტრადიციულ რელიგიას – ქრისტიანობას ახალი რელიგიით, რომელსაც LGBTQI+ ეწოდება.
თუ ყველაფერი ამ მიმართულებით და ტემპით გაგრძელდა, ძალიან მალე დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, მყარი ეროვნული იდენტობის მქონე და ქრისტიანული ევროპისგან აღარაფერი დარჩება. ამ ფონზე, 2030 წლამდე ევროკავშირის დაშლაც რეალური სცენარია” – თქვა შაქარიშვილმა პრეზენტაციაზე და აღნიშნა, რომ “უნდა ავაშენოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ნეიტრალური საქართველო, რომელიც იმეგობრებს ყველა ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ჩათვლით”.
“ნეიტრალიტეტის პოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს, თუ, თეორიულად, ნატო საქართველოსთვის ორპირი ქარის დანიშნულებას შეიცვლის და ევროკავშირი კრიზისს დაძლევს და სწორი მიმართულებით განვითარდება, რისი პერსპექტივაც დღეს ძალიან ბუნდოვნად მოჩანს. რთული სავარაუდოა, 2028 წლამდე ევროკავშირი ფსევდოდემოკრატიიდან დემოკრატიისკენ, ფსევდოლიბერალიზმიდან ქრისტიანობისკენ და ეკონომიკური სტაგნაცია-რეცესიიდან ეკონომიკური პროგრესისკენ შემობრუნდეს…
…ქართველ ხალხს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, უკეთ აღიქვას სინამდვილე, რომელიც ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რისი ძალაც არ აქვს ხელისუფლებას, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში დიდწილად ოპოზიციის ნარატივს არის აყოლილი. უახლოეს წლებში ყველა თვალნათლივ დაინახავს, რომ რასაც ჩვენ ევროკავშირის პერსპექტივების შესახებ ვამბობდით, სრული სიმართლე იყო, რაც 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ წარმატებას უზრუნველყოფს” – ნათქვამია ახალი გაერთიანების განცხადებაში.