ქართული ოცნების სატელიტი “საზოგადოებრივი მოძრაობა” – ერთიანი ნეიტრალური საქართველო ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც მათი მტკიცებით, “გამოარკვევს”, უნდათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანება.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგიის გამო ქართულმა ოცნებამ უნდა გადახედოს 2030 წლისთვის EU-ში გაწევრიანების გეგმას.
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პროპაგანდისტული განცხადება:
“გუშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია, რომელსაც ხელს აწერს ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუმცა ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ მისი ავტორი მხოლოდ ევროკომისიის მარიონეტი პრეზიდენტია.
ეს დოკუმენტი პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის. უფრო კონკრეტულად, სტრატეგიის მიხედვით არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ამასთანავე, სტრატეგია ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოზიციაა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აქამდეც ნათელი იყო საზოგადოებისთვის, აღნიშნული სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი, სადაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე ლგბტ პროპაგანდა ზენიტში იყო აყვანილი, სადაც ყველა, ვინც ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა – არათუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებოდა, გვერდზე გადადო მსგავსი თემები.
მართალია, ჯერ კვლავ ამოცანად რჩება ჩვენთვის – ეს არის “დიფ სთეითის” მოდერნიზაციის მცდელობა თუ პრეზიდენტი ტრამპი რეალურად ებრძვის არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ში დღეს ლგბტ თემატიკა მაქსიმალურად უკანა პლანზეა გადასული.
ევროკავშირში კი, როგორც ვხედავთ „დიფ სთეითის“ ეს მახინჯი იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას. ლგბტქ+ სტრატეგია, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, პირველად და უკვე ღიად ითრევს ბავშვებს სქესის შეცვლის ხაფანგში, რასაც ცხადია, „დიფ სთეითის“ პროპაგანდა ევროკავშირში „პიროვნების თავისუფლების“ საფარქვეშ გაყიდის. გარდა იმისა, რომ ეს სტრატეგია ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ბავშვების მომავალს, ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში გავრცელდება.
ევროკავშირის ამ კოშმარული სტრატეგიის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე – სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული „ევროინტეგრაციის“ პროცესს. ასევე, გვინდა მარტივი კითხვა დავსვათ – რომელი ევროკავშირისკენ მიგყავთ ქვეყანა 2030 წელს, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა ნებისმიერ ექიმთან, მშობლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და სადაც დედას და მამას უფლება არ ექნებათ, არათუ ხელი შეუშალონ ამ სიგიჟეს, არამედ პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეეძლებათ? რომელი ევროკავშირის წევრობას უპირებთ საქართველოს 2030 წელს, სადაც ამ დროისთვის ადამიანისთვის არც სქესი, არც იდენტობა, არც ეროვნულობა, არც რელიგია და არც ტრადიციები აღარ იარსებებს?
ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას, პარალელურად კი, ვიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი, რომელიც უტყუარად გამოარკვევს საქართველოს მოსახლეობის ნებას, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, სადაც ბავშვები სქესს იცვლიან, ხოლო მშობლები ხმას ვერ იღებენ, სადაც ლგბტქ+ პროპაგანდის კრიტიკა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ხოლო ამ იდეოლოგიის სამსახურში ყოფნა უხვად ჯილდოვდება. რეფერენდუმის საშუალებით უნდა გამოვარკვიოთ – არის თუ არა თანახმა ქართველი ხალხი, ქვეყანა შეუერთდეს ასეთ ევროკავშირის, ხოლო ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს, რა გზით ატაროს მომავალში ჩვენი სამშობლო”- ნათქვამია განცხადებაში.
