რეჟიმის პროპაგანდა ტვ პირველის გატაცებული ოპერატორის გასაშავებლად. სამთავრობო მედიებში ვრცელდება კადრები, რითაც პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ თითქოს აქციის მონაწილეები დემონსტრაციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ერთმანეთს ფულს ურიგებენ. რეალურად კი ეს მასალა ორშაბათს, სავარაუდოდ, გომელაურის უწყების თანამშრომლების მიერ არის გადაღებული, ფულის ჩამორიგება კი სულ სხვა მიზანს ემსახურება.
აი რა არის რეალობა – ირკვევა, რომ ფოტოგრაფ კახა ქარელიძეს ჰქონდა დაბადების დღე. სწორედ მისი დაბადების დღისთვის გროვდებოდა ფული, რის გამოც შეიქმნა ჯგუფიც. ამის დამადასტურებელი სქრინები “ტვ პირველმა” ეთერში რამდენიმე წუთის წინ აჩვენა.
სწორედ ამ თანხას ცვლიდნენ ქუჩაში ადამიანები ვიდეოში, რომელიც პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს.
ირკვევა, რომ ამ დღეს ახლომახლო შსს-ს ბალანსზე არსებული რამდენიმე მანქანა იმყოფებოდა და სავარაუდოდ, სწორედ ამ მანქანებიდან მოხდა ვიდეოს გადაღებაც, რომელიც შემდეგ პროპაგანდისტულ არხებს მიაწოდეს.
· გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ “ჯიბეში” რაღაც ჩაუდეს.
· რამდენიმე საათის განმავლობაში “ტვ პირველის” ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
· ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას “ტვ პირველი” თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.
