რუსეთის სასამართლომ ამერიკის მოქალაქის, რეპორტიორი ევან გერშკოვიჩის წინასწარი პატიმრობის ვადა გაახანგრძლივა. გერშკოვიჩის წინასწარი პატიმრობა 2024 წლის 30 იანვრამდე გაიზრდება.
ევან გერშკოვიჩი The Wall Street Journal-ის რეპორტიორია და რუსეთში 2023 წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ჯაშუშობის მუხლით გასამართლებისთვის ევან გერშკოვიჩს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, გერშკოვიჩი ამერიკული მხარის ინტერესებისთვის მოქმედებდა და რუსეთის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის შესახებ. ამ საქმის სასამართლო მოსმენებზე არ დაიშვებოდა პრესის წარმომადგენლები. რუსეთის პროკურატურას ჯერჯერობით საჯაროდ არ გაუვრცელებია მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობას ედავებიან.