„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს საქართველოს საზღვრიდან ფრანგი ჟურნალისტების გაბრუნებას. ეს ჟურნალისტები, კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო, აშუქებდნენ პროევროპულ აქციებს, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს.
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ” (RSF) გმობს ხელისუფლების უკიდურესად შემაშფოთებელ ტენდენციებს, ხელი შეუშალოს მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებას დამოუკიდებელი მედიის მიერ“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ წერს:
· კლემენტ ჟირარდო, რომელიც მუშაობს საერთაშორისო გამოცემებისთვის Le Monde, Society და Al Jazeera, აშუქებდა საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს. 12 თებერვალს კი, როცა საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, ის გააჩერეს საპასპორტო კონტროლზე, შემდეგ კი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს;
· ჟერომ შობოც, რომელიც იტალიური სააგენტო NurPhoto-ს ფოტოგრაფია, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს აშუქებდა თითქმის ორი თვის განმავლობაში, საფრანგეთში დაბრუნებამდე. ის მარტის ბოლო რიცხვებში საქართველოში ხელახლა შესვლას ცდილობდა – აეროპორტში გააჩერეს რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი ათენში გააძევეს.
საქართველოში არშემოშვებული ჟურნალისტების შესახებ რადიო თავისუფლება ბოლო პერიოდში წერდა. მათ შორის, ესაუბრა ჟერომ შობოს, რომელმაც საქართველოში შემოსვლაზე მიღებული უარი დაუკავშირა თავის მუშაობას საპროტესტო აქციებზე:
„მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მაქვს განცდა … რომ მე, როგორც ჟურნალისტი ან თუნდაც როგორც მხოლოდ უცხოელი, შემამჩნიეს აქციებზე და ეს საკმარისი გახდა მათთვის, რომ აქ შემოსვლა აეკრძალათ. შესაძლოა მათ იცოდნენ, რომ აქციებს ვაშუქებდი და ამის გამო გამაბრუნეს საზღვრიდან“.
უკვე ოთხ თვეზე მეტია, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რაც ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საქართველოში პროევროპული აქციები იმართება. პროევროპულ აქციებზე პოლიციამ იძალადა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე – მათგან არავინ არის დასჯილი.
ამ ოთხ თვეში ასობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ათობით კი – სისხლის სამართლის წესით. ამ დროის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.
ფორუმი
