რეპერმა Jay-Z-მ გამოუშვა შეზღუდული გამოცემის კიუვე Armand de Brignac 2015

რეპერმა Jay-Z-მ, პრემიუმ კლასის შამპანურის ბრენდის Armand de Brignac-ის მფლობელმა, გამოუშვა ახალი კიუვე, რომლის თითო ბოთლის ფასი 3400 დოლარია – ამის შესახებ Bloomberg–ი იუწყება.
ასეთი მაღალი ფასის რამდენიმე მიზეზი არსებობს: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ვინტაჟური ბლან დე ნუარის დებიუტი – შავი ყურძნის ჯიშებისგან შექმნილი თეთრი შამპანური ექსკლუზიურად 2015 წლის მოსავლისგან. გარდა ამისა Armand de Brignac 2015 შამპანური წარმოდგენილია მხოლოდ მაგნუმებში (1,5 ლიტრიანი ბოთლები), მათი რაოდენობა შეზღუდულია – მხოლოდ 1258 ცალი.
ღვინის შესაქმნელად გამოყენებული იქნა Pinot Noir-ის ყურძნის 70% Grand Cru და Premier Cru ვენახებიდან, ხოლო დანარჩენი 30% Pinot Meunier იყო.
შეგახსენებთ, რომ შამპანურში 2015 წლის მოსავალი ძალიან წარმატებულად ითვლება: გაზაფხული წვიმიანი იყო, ზაფხული კი ცხელი და მშრალი, ამიტომ პირობებმა ხელი შეუწყო Pinot Noir-ის ჯიშის, ნაზავის მთავარი ჯიშის სწორად მომწიფებას.
Armand de Brignac ჩვეულებრივ აწარმოებს არავინტაჟურ შამპანურებს დაახლოებით $300 ფასის ფარგლებში. ტრადიციულად, Jay-Z–ის კუთვნილი ბრენდი თავის ღვინოებს უშვებს ლითონის ბოთლებში, რომლებიც მორთულია ემბლემით ტუზი ყვავის სახით, რის გამოც Armand de Brignac–ს ასევე ხშირად უწოდებენ უბრალოდ Ace of Spades–ს („ტუზი ყვავი“ ).
Armand de Brignac-ის სახლი შეიქმნა კატიეს ოჯახის მიერ შამპანის პატარა სოფელ Chigny-les-Roses-ში. სახლი თავის ისტორიას 1763 წლიდან იღებს, როდესაც პირველი ვენახები გააშენა. ოჯახი კვლავ აწარმოებს საკუთარ შამპანურს, მაგრამ 2006 წლიდან ბრენდის ინვესტორი რეპერი შონ კარტერია, რომელიც ცნობილია შემოქმედებითი ფსევდონიმით Jay-Z.
2021 წელს LVMH კონგლომერატმა შეიძინა Armand de Brignac-ის 50%-იანი წილი. LVMH-ის ხელმძღვანელს ბერნარ არნოს და ცნობილ რეპ არტისტს მეგობრული კავშირები აქვთ. Ace of Spades-ის ბოთლი შეგიძლიათ ნახოთ Jay-Z–ის ვიდეოში სიმღერაზე Show Me What You Got.