„ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, საშიში გეოდინამიკური პროცესების რუკაც კი შევიმუშავეთ, სადაც საშუალო, მაღალი და დაბალი რისკის ტერიტორიები შევაფასეთ. ეს რუკა ქალაქისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.
ცნობისთვის, თბილისის არსებული გენერალური გეგმა 2019 წელს დამტკიცდა. როგორც დღეს მისმა თანაავტორმა განაცხადა, ამ დროიდან, დედაქალაქს აქვს გზამკვლევი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს რისკისშემცველ ზონებად მონიშნულ ტერიტორიებზე სიღრმისეული კვლევების ჩატარებას, აღნიშნულ მონაკვეთებზე სამშენებლო ნებართვების გაცემამდე.
„რელიეფიდან გამომდინარე, თბილისში არის საკმაოდ რთული არეალები გეოლოგიური თვალსაზრისით. თბილისი არ არის მარტივი ტერიტორია, მდინარის ქვაბულია და ბუნებრივია, საკმაოდ რთული გეოლოგიური აგებულება აქვს. რელიეფიც საკმაოდ შემზღუდავია და აქედან გამომდინარე, ეს რუკა წარვადგინეთ, რომ ყოფილიყო სახელმძღვანელო ნებართვების გაცემისთვის, მშენებლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ყველაფერი გასაგები რომ ყოფილიყო, სად შეიძლება ადვილად მშენებლობის განხორციელება და სად უნდა ჩატარდეს აუცილებლად საფუძვლიანი კვლევები. არ ვამბობთ, რომ მაღალი რისკის ზონებად მონიშნულ ტერიტორიებზე არ შეიძლება მშენებლობა, უბრალოდ, ძალიან დაკვირვებით და ფუნდამენტურად უნდა გაკეთდეს იქ გეოლოგიური კვლევები.
2017 წელს გვქონდა კვლევა, სადაც საუბარი იყო თბილისის ქვაბულში საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით სარისკო ტერიტორიების ათვისებაზე. თელეთის, თაბორის, სოლოლაკის, მთაწმინდას, კოჯორი-საყარაულოს, ლისის, მახათას, ძეძვის, მთებისა და სერების, ასევე ნუცუბიძის პლატოს სხვადასხვა კუთხით დახრილი ფერდობების ხარჯზე ქალაქის ნაწილობრივ გაფართოებაზე იყო საუბარი ამ კვლევაში. აღნიშნული ფერდობების ზედაპირები მაღალი დეფორმაციის, სუსტი შეჭიდულობის მქონე, სხვადასხვა ხარისხით გამოფიტული ქანების შრეებითაა აგებული. დესტრუქციული ეროზიულ-დენუდაციური პროცესების მიმართ მდგრადობის დაბალი მაჩვენებლების მქონე ასეთი ქანებით აგებული სხვადასხვა დაქანების, ინტენსიურად დანაწევრებული ფერდობები, ადამიანის წინდაუხედავი სამეურნეო საქმიანობით განპირობებულ პრობლემებთან ერთად, საშიში ბუნებრივი პროცესების (პირველ რიგში მეწყრების, ღვარცოფების და ქვათაცვენის) განვითარების პროვოცირების, რეაქტივაციის და თბილისის ტერიტორიაზე გეოეკოლოგიური ვითარების გამწვავების ერთ-ერთი ძირითად მიზეზს წარმოადგენს“, – აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
კითხვაზე, ხელმძღვანელობს თუ არა აღნიშნული გზამკვლევით დღეს თბილისის მერია, დედაქალაქის გენერალური გეგმის თანაავტორი ამბობს, რომ: „იმედია, ეს ასე ხდება“.
„რთული სათქმელია, ალბათ, მერიაში უპასუხებენ უკეთესად ამ შეკითხვაზე. იმედი მაქვს, რომ ეს ასეც ხდება, რადგან ეს მათ სანიმუშოდ, სახელმძღვანელოდ გააჩნიათ.
რაღაც ტერიტორიებზე, მაგალითად, ვაშლიჯვარში ვნახეთ, რომ მიწა გაიხსნა, იქვე მშენებლობაა, ამის ბრალია თუ არა, რთულია საუბარი. ჩვენ უბრალოდ, ვხედავთ ხოლმე რაღაც შედეგებს, რომელიც ტყუილად არ დგება და გამომწვევი მიზეზები აქვს.
პრევენციის მთავარი საშუალება არის კვლევები, რომლის საფუძველზეც გაანალიზდება ყველაფერი და პროექტი კეთდება. კვლევები უნდა ჩატარდეს ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე, როცა დიდ თუ პატარა ინფრასტრუქტურულ პროექტთან გვაქვს საქმე. როდესაც ვიცით, რომ საშიში გეოდინამიკური პროცესების კუთხით წითელ ზონაში ხდება მშენებლობა, გაძლევ რუკას სანიმუშოდ, რომ შენ აქ მოითხოვო ძალიან ფუნდამენტური კვლევები. ეს უბრალოდ გეოლოგის მიერ გაცემული ფურცელი კი არ უნდა იყოს, არამედ ნამდვილად მაღალ დონეზე გაკეთებული კვლევების საფუძველზე შესრულებული სამუშაო“, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.




