“რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის” ოცნება პასუხისმგებლობის გამკაცრებას აპირებს

აქტივისტი ნატა ფერაძის მიერ იოსებ სტალინი გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ, ქართული ოცნება აპირებს, რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაამკაცროს.
ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების მაგალითები უკვე შეისწავლეს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს მომავალში დააინიცირებენ.
“მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი, დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას.
ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა, შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.).
ამიტომ, ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს)”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დღეს ნატა ფერაძის სახლთან მოძალადე ჯგუფები იმყოფებოდნენ და მას ემუქრებოდნენ. მობილიზებული იყო პოლიციაც, რომელიც მათ სახლთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა მოძალადება ჯგუფებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.

ასევე დაგაინტერესებთ