საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, პროექტის – „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ მეოთხე ეტაპის მონაწილე სასულიერო პირებს სახელმწიფო ენის შესწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
„რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დადებითად შეაფასა როგორც პროექტის მიმდინარეობის ეტაპები, ისე მისი შედეგები და მოუწოდა სასულიერო პირებს, კვლავაც აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში. პროექტის შედეგები შეაფასა ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვშია, სადაც სახელმწიფო ენის სწავლებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი, მეხუთე ეტაპის მეცადინეობების ადგილი და განრიგი: წელს მეცადინეობები გაიმართება თბილისში, მარნეულში, გარდაბანში, საგარეჯოში, დმანისსა და ახალქალაქში. მეცადინეობას განაგრძობენ მუსლიმთა სამმართველოს, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სასულიერო პირები.
შეხვედრის ბოლოს, კურსდამთავრებულებს გადაეცათ სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
2019 წელს, რელიგიის სააგენტომ დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროექტი – „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ეროვნების სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას. იდეის უზრუნველსაყოფად, რელიგიის სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან. 2019-2024 წლებში, ქართულ ენას სხვადასხვა დონეზე დაეუფლა 233 სასულიერო პირი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
