დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე უნგრეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს საქართველოს რელიგიური პოლიტიკა გააცნო.
“ზაზა ვაშაყმაძემ უნგრეთის ახალდანიშნულ ელჩს თანამდებობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს
გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, სახელმწიფოს მიერ რელიგიური მრავალფეროვნების, რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები, შეეხო რელიგიის სააგენტოს ფუნქციებს, მიზნებსა და ამოცანებს, ასევე, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, როგორც ურთიერთობის ეფექტურ ფორმატს.
თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანთა რელიგიური უფლებები, მათ არ აქვთ რელიგიური მსახურების მიღების, გადაადგილების, განათლების უფლება. მან ასევე, აღნიშნა რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის წაშლის ფაქტები. სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერის გამო.
ელჩმა მადლიერება გამოთქვა გულთბილი მიღების გამო და აღნიშნა, რომ საელჩო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიის სააგენტოსთან.
შეხვედრის დასასრულს, სტუმარს გადაეცა სააგენტოს გამოცემები – „ოკუპირებული მემკვიდრეობა”, „რელიგიები საქართველოში”, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით” და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით” გადასცა. შეხვედრას უნგრეთის საელჩოს წარმომადგენელი, პიტერ ტარჩაი ესწრებოდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
