სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ტოლერანტობის ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საბჭო ენდობა და დადებითად აფასებს მინდიაშვილის მოღვაწეობას.
18 რელიგიური ორგანიზაციის განცხადებით, მათი ჰარმონიული თანაარსებობა, გარკვეულწილად, განპირობებულია ბექა მინდიაშვილის საქმიანობით, რომელიც ხელმძღვანელობს ტოლერანტობის ცენტრს და გამოირჩევა ტოლერანტული ბუნებით, პროფესიონალიზმით და დემოკრატიის ღირებულებებისადმი უკომპრომისო ერთგულებით.
“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების რთულ გზაზე დგას და, ამ თვალსაზრისით, მტკივნეულ პროცესებსაც გადის.
შესაბამისად, ჩვენ, რელიგიური გაერთიანებები, 2005 წლიდან მოყოლებული, ტოლერანტობის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით აქტიურად და ნაყოფიერად ვმუშაობთ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში, რომელიც, ხშირად, უაღრესად დისკრიმინაციულ გარემოში, ერთადერთ თავისუფალ პლატფორმას წარმოადგენდა ჩვენი ერთობლივი პოზიციის გამოსახატავად.
დრო ყველაზე კარგი შემფასებელია. უკვე თითქმის 20 წელია, რაც სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ეფექტურად განაგრძობს ფუნქციონირებას სხვადასხვა მთავრობებისა და სახალხო დამცველების პირობებში და უკიდურესად რთულ გამოწვევებს უმკლავდება. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თუ არა სახალხო დამცველის მანდატი და ასევე ტოლერანტობის ცენტრის თანადგომა, რელიგიათა საბჭოს თანამშრომლობა ვერ იქნებოდა ეფექტური და საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დღეს გაცილებით დაბალი იქნებოდა.
აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საბჭოში გაერთიანებულია განსხვავებული რწმენისა და მსოფლმხედველობის რელიგიები. ჩვენი ჰარმონიული თანაარსებობა, გარკვეულწილად, განპირობებულია ბატონ ბექა მინდიაშვილის საქმიანობით, რომელიც ხელმძღვანელობს ტოლერანტობის ცენტრს და გამოირჩევა ტოლერანტული ბუნებით, პროფესიონალიზმით და დემოკრატიის ღირებულებებისადმი უკომპრომისო ერთგულებით.
ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვუცხადებთ ნდობას და დადებითად ვაფასებთ ტოლერანტობის ცენტრის და ბ-ნ ბექა მინდიაშვილის მოღვაწეობას. რაც შეეხება მის გამონათქვამებს ამა თუ იმ საღვთისმეტყველო თუ საეკლესიო მოვლენების შესახებ, თუნდაც ეს იყოს პოლემიკური და მწვავე, ეს მისი, როგორც თეოლოგის გამოხატვის თავისუფლებაა, რომელიც როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, ჩვეულებრივი, თანამდევი და, ხშირ შემთხვევაში, სასარგებლო პროცესია შიგა კონფესიური თუ ზოგადად რელიგიური სამყაროსათვის. ამდენად დაუშვებლად მიგვაჩნია ცენზურა თუ შეფასება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა შეაფერხოს დემოკრატიული პროცესების ბუნებრივი განვითარება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ სახალხო დამცველი გააგრძელებს ინსტიტუციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და მომავალშიც იქნება ავტონომიურობის მყარი დარაჯი, შესაბამისად, ტოლერანტობის ცენტრი და მასთან თანამშრომლობაში მყოფი რელიგიათა საბჭო, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების საფუძველზე, ძველებურად, დამოუკიდებლად გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. სახარების რწმენის ეკლესია;
2. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;
3. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია;
4. ხსნის არმია;
5. ქართველ მუსლიმთა კავშირი;
6. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო;
7. ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
8. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
9. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
10. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
11. აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
12. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
13. ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
14. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
15. ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
17. მეგობართა რელიგიური საზოგადოება კვაკერები
18. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
20 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვლმა ბექა მინდიაშვილი “რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში” დაადანაშაულა და თქვა, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.