რეკორდული მაქსიმუმის შემდეგ, ვერცხლის ფასი მკვეთრად დაეცა – რა იქნება 2026 წელს?

2025 წელს ოქრომ და ვერცხლმა ნამდვილი ბუმი განიცადეს. თუმცა, ამჟამად ვერცხლის დეფიციტია, რადგან, ინდუსტრიული პროდუქტების წარმოებისთვის მნიშვნელოვან ამ ძვირფასი ლითონზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მცირე ხნით ვარდნის შემდეგ, 2026 წელს, შესაძლოა, მასზე ფასები კვლავ გაიზარდოს.
ძვირფასმა და სამრეწველო ლითონებმა — ოქრომ, ვერცხლმა, პლატინამ, პალადიუმმა და სპილენძმა – 2025 წელს რეკორდულ ფასებს მიაღწიეს. მაგალითად, 29 დეკემბერს 1 ტროას უნცია ვერცხლის ფასი თითქმის 84 დოლარამდე გაიზარდა.. თუმცა, სანამ იმავე დღეს კვლავ დასტაბილურდებოდა, მისი ფასი 71 დოლარამდე ჩამოვიდა. ბევრ ინვესტორს სჯერა, რომ ვერცხლი, სავარაუდოდ, 2026 წელსაც შეინარჩუნებს მიმზიდველობას.
„ვფიქრობ, ვერცხლი აუცილებლად იხილავს 100-დოლარიან ნიშნულს. რა თქმა უნდა, იქნება უკანდახევებიც, რაც სრულიად ნორმალურია, მაგრამ რალი ჯერ არ დასრულებულა“, – ამბობს მიუნხენის „ჯენერალ რესერჩის“ წარმომადგენელი, გეორგ ჰოხვიმერი, რომელიც მიიჩნევს, რომ ძლიერი რყევები კვლავ არის მოსალოდნელი. თუმცა, ნედლეულის ექსპერტი აღიარებს, რომ 1 ტროას უნციაზე 50 დოლარიც კი 2025 წლის შუა პერიოდისთვის ძალიან კარგი ფასი იქნებოდა.
პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ჰოხვიმერის აზრით, ეს არ არის ნორმალური და ასეთი რამ მხოლოდ იმიტომაა შესაძლებელი, რომ ვერცხლის მთლიანი ბაზარი ოქროს ბაზარზე გაცილებით მცირეა. ეს კი ნიშნავს, რომ ზოგიერთი ინვესტორის მოთხოვნამ ფასების ძლიერი რყევა შეიძლება ძალიან სწრაფად გამოიწვიოს.
რეკორდულ ორშაბათს ილონ მასკის შეტყობინება გავრცელდა. ამერიკელმა მულტიმილიარდერმა აღნიშნა, რომ რაკეტების საწარმოებლად დიდი რაოდენობით ვერცხლია საჭირო. ამ განცხადების შემდეგ, ვერცხლის ფასი კიდევ 5.7 პროცენტით გაიზარდა და ფსიქოლოგიურ ნიშნულს – 1 ტროას უნციაზე 80 დოლარს – მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ზოგიერთმა ინვესტორმა ეს მოგების მიღების სიგნალად აღიქვა და ვერცხლის ბაზარი დროებით დატოვა.
სავაჭრო დღის ბოლოს, ბირჟებზე ფასები ათი პროცენტით დაეცა, რაც საფონდო ბირჟაზე უკვე მცირე კრახად მიიჩნევა. თუმცა, ცნობილია, რომ სამრეწველო ლითონების ფასები უფრო მეტად მერყეობს, ვიდრე აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების.
რაც ვერცხლს გრძელვადიან პერსპექტივაში ღირებულს ხდის, არის ის, რომ ეს სამრეწველო და ძვირფასი ლითონი ბევრად უფრო მეტი რაოდენობით მოიხმარება, ვიდრე მაღაროებში მისი მოპოვება, შემდეგ კი დამუშავება ხდება. ამ სფეროს ექსპერტები საუბრობენ ვერცხლის, სულ მცირე, 400 მილიონი ტროას უნციის სტრუქტურულ დეფიციტზე, რაც რამდენიმეწლიანი არასაკმარისი წარმოებით არის განპირობებული.
ჰოხვიმერის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ახალი ვერცხლის მაღაროების ხარჯზე წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოება შეუძლებელია და ამას წლები დასჭირდება. მცირე მიწოდების გამო, ზოგიერთი „ვერცხლის ხარი“ (ინვესტორი, რომელიც ფასის ზრდაზე დებს ფსონს), სავარაუდოდ, შეინარჩუნებს გამოკვეთილ საფასო ფანტაზიას, რათა ბაზარზე შესვლა განაგრძოს.
ოქროსგან განსხვავებით, ვერცხლის მხოლოდ ნახევარი გამოიყენება ინვესტიციის სახით, დანარჩენი კი რეალურად მოიხმარება. ეს არის ერთადერთი ძვირფასი ლითონი, რომელიც ბევრი მყიდველისთვის უბრალო სამრეწველო ლითონია და მეტი არაფერი, რომელსაც ის სხვა ვერაფრით ჩაანაცვლებს. ამ კუთხით, საკმარისია გავიხსენოთ შეიარაღების ინდუსტრია, უკრაინის ომში დაკარგული უამრავი დრონი და გლობალური დიგიტალიზაცია.
მოსალოდნელია, რომ მხოლოდ 2025 წელს დამატებითი მოხმარება მიწოდებას 150 მილიონი ტროას უნციით გადააჭარბებს. რეზერვები, რომლებსაც ძირითადად ჩინეთი აკონტროლებს, ნელ-ნელა იწურება. მომდევნო რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, მწვავე დეფიციტი შეიქმნას, რადგან ჩინეთი იმუქრება, რომ იშვიათი მინერალების მსგავსად, ვერცხლის მიწოდებასაც კიდევ უფრო შეამცირებს.
ვერცხლის მოხმარება იზრდება ისეთი ზოგადი ტენდენციების გამო, როგორიცაა ელექტრონული მობილობა, ან თუნდაც მარტივი სამომხმარებლო ნივთების, მაგალითად, ანტიბაქტერიული სპორტული ტანსაცმლის წარმოება. გადამუშავების გზით აღდგენა კი ძალიან მცირე დოზით ხდება.
შესაბამისად, შობის დღეების რეკორდული ფასები, სავარაუდოდ, უმაღლესი ნიშნული არ იქნება. მითუმეტეს, ამის ნიშნები უკვე არსებობს – ფასის ვარდნის უკვე მეორე დღეს, მისი დაახლოებით ოთხპროცენტიანი აღდგენა დაფიქსირდა.
წყარო: 1 არხი