„სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფრენების რაოდენობა თითქმის სრულად აღდგა,“ – ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანია GASA-ს დამფუძნებელმა & სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი შენგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დატვირთულობა ისრაელი-ირანს შორის საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ნიშნულს ჯერ არ დაბრუნებია, თუმცა ზრდის ტენდენცია შესამჩნევია.
„ივნისი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი სექტორისთვის. საქართველოს მიმართულებით ფრენები შეწყვეტილი იყო იმ ავიაკომპანიების მხრიდანაც, რომლებსაც ირანის საჰაერო სივრცით სარგებლობა უწევდათ, მათ შორის „ეარ არაბიამაც.“ ამან გავლენა იქონია როგორც შემომყვან, ისე გამყვან ტურიზმზე.
ისრაელის ბაზარი აღდგა ყველაზე ადრე, სხვები ეტაპობრივად. დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდუალური ტურების ბაზარი აღმდგარია, დაგეგმილი ჯგუფები რომელიც გაუქმდა, ცხადია ისინი დაიკარგა.
ისრაელის ბაზარზე შეგვძლია ვთქვათ, რომ ახლოს ვართ იმ ნიშნულთან რაც ოპერაციამდე იყო, რაც შეეხება სხვა ბაზრებს „ეარ არაბიამ“ განაახლა რესისები 1 ივლისიდან, ისევ ყოველდღე დაფრინავს იგივე სიხშირით, თუმცა დატვირთულობას ნელ-ნელა კრეფს. არ იყო ისე რომ პირველივე რეისი გაივსო, თუმცა ვფიქრობ, რომ მალე დაუბრუნდება ძველ მაჩვენებლებს,” – განაცხადა შენგელიამ.
GASA-ს დამფუძნებელი Wizz Air Abu Dhabi-ს არსებობის შეწყვეტის გადაწყვეტილებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ გადაწყვეტილება სხვა კომპანიებს ამ ბაზარზე ფრენების სიხშირის რაოდენობის გაზრდისკენ უბიძგებს.
„ეს ალბათ მისცემს შესაძლებლობას „ეარ არაბიას“ რომ კვირაში 4 სიხშირიდან ყოველდღიურზე გადავიდეს. თუმცა Wizz Air-ის გასვლას იმავე დღეს მოჰყვა ნიუსი იმის შესახებ, რომ აბუ დაბიში ბაზირებული დიდი წარმატებული კომპანია ახალ მიმართულებებს ამატებს, რომელთა შორს არის თბილისიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანიამ ტავის საქმე შეასრულა, ცნობადობა გაზარდა და გასვლის მთავარი მიზეზი კომერციული არარენტაბელურობა იყო,“ – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ინფორმაციისთვის, ავიაკომპანია Wizz Air 1-ლი სექტემბრიდან Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს, შესაბამისად, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან ფრენები აღარ შესრულდება. ცხადია, აღნიშნული სიახლე ეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსაც, საიდანაც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ფრენები 6 წლის განმავლობაში სრულდებოდა.
