რეზო შატაკიშვილი ალექსანდრე ყაზბეგის მკვლელებზე

ის თავგანწირვით ეტრფოდა სცენას და შეეწირა სცენას.

ის გაანადგურეს და სულიერად დასცეს – გააგიჟეს, ჭკუიდან შეშალეს ღობეგლეჯია ვაირეცენზენტებმა. ის მოკლეს მათ.

მისი ცხოვრების ბოლო წლები იყო საჯაროდ გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა.

ალექსანდრე ყაზბეგი – უბადლო ბელეტრისტი, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი და… დრამატურგი და მსახიობი,  სცენაზე ფანატიკურად შეყვარებული.

მან ქართულ თეატრს 49 ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული პიესა შესძინა, სცენაზე ცხრაწლიანი მოღვაწეობისას კი 45 როლი განასახიერა.

ცხოვრება ყაზბეგისა – ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ინელებს ქართული სინამდვილე პიროვნებებს.

კაცი, რომელიც სცენაზე გამოჩნდა ბრწყინვალე გარეგნობით, ხმით, შესანიშნავი აქტიორული მონაცემებით, დახვეწილი მანერებით, ელეგანტურად  ჩაცმული, რამდენიმე წელიწადში დაფლეთილი ჩოხით დაიარებოდა, ნაადრევად დაბერებულ, გულგატეხილ ადამიანად იქცა და სცენა დატოვა, როგორც სუსტმა მსახიობმა. მის ტრაგედიას ხელი შეუწყო მისმავე ზედმეტად ემოციურმა, მგრძნობიარე ბუნებამ…

საბედისწერო დასაწყისი

ის სიყრმიდანვე ეტრფოდა თეატრს. 14 წლისამ დაწერა ავტობიოგრაფიული პიესა „გამზრდელნი“, მოსკოვში სწავლისას თარგმინდა შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“, გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“-ს.

1874 წელს ის გახდა მოწმე საყოველთაო გოდებისა – ქართული პიესების უქონლობაზე. წავიდა ანთებული, შეუდგა პიესების წერას, თარგმნას, გადმოკეთებას და 5 წელიწადში თბილისს დაბრუნდა იმ იმედით, რომ ქართული თეატრის მესვეურთ აღაფრთოვანებდა თავისი 21 პიესით.

დიდად თავი არავის გაუგიჟებია. მხოლოდ ვასო აბაშიძემ მიაკითხა მას – ჩუღურეთის ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრებ ინტელიგენტ მოხევეს. მიაკითხა იმიტომ, რომ  ეძებდნენ პიესას მაკო საფაროვას საბენეფისოდ.

ვასო აბაშიძემ შინ მიიპატიჟა სანდრო ყაზბეგი.

მაკო საფაროვას მოგონებიდან: „…გარეგნობა განსვენებულს ისეთი ჰქონდა, სილამაზით იმ დროს ჩვენს დასში ვერავინ შეედრებოდა, ტანადი, დიდრონი მომცინარი ჟუჟუნა თვალები, მშვენიერი ტუჩები, ჩაცმული ხომ ისე იყო, რომ ჩვენს ღარიბ სცენას იმ ხანებში არ ჰყოლია ისეთი მორთული არტისტი“.

ცოლ-ქმარი ვასო აბაშიძე და მაკო საფაროვა მოიწონებენ პიესას. ის კი არა, მაკო საფაროვას ისტერიკასაც კი დამართებს პიესის გრძნობით ნაწერი ადგილები.

გადაწყდა ყაზბეგის პიესის დადგმა. მაგრამ თეატრის ადმინისტრაცია მაინცდამაინც სიხარულით არ შეხვედრია ამ ფაქტს.

მაკო საფაროვამ თავისი გაიტანა. თუმც კი კომპრომისი გარდაუვალი გახდა – პიესიდან მეორე მოქმედება მთლიანად ამოუგდეს, პიესის მთლიანობა დაურღვიეს.

მაშ ასე, ყაზბეგი გამოდის ასპარეზზე, როგორც დრამატურგი – მოჩხუბარიძის გვარით და ამასთანავე, ის ირიცხება მუდმივ დასში და გამოდის სცენაზეც. ორივე დებიუტი ერთად დგება – 1880 წლის 13 მაისს. როგორც დრამატურგი კატასტროფას ელოდა, როგორც მსახიობს ენა ებმებოდა სცენაზე, სიტყვებს ყლაპავდა, ტექსტი აერია…

„ერთი კაცი არ იდგა ჩემს გვერდით… ერთისგან არ გამიგონია თანაგრძნობის სიტყვა“. შინ წავიდა და ელოდა რეცენზენტების განაჩენს.

განაჩენმაც არ დაახანა. 16 მაისს „დროება“ წერდა: „მოჩხუბარიძის დრამაში არავითარი დრამა არ მოიპოვება“. „დროება“ მის თამაშს არ შეხებია, დაკმაყოფილდნენ მისი, როგორც დრამატურგის, განადგურებით. როგორც მსახიობს კი, მხოლოდ ტექსტის უცოდინრობა უსაყვედურეს: „აქტიორებმა როლები კარგად იცოდნენ, უფალ მოხევის გარდა“…

მსახიობ მოხევეს ჯერ არ ესხმოდნენ თავს რეცენზენტები, დრამატურგი მოჩხუბარიძე კი კონტრშეტევაზე გადავიდა. დაიწყო ომი…

მის გადაწყვეტილებას არც ოჯახი შეხვედრია აღფრთოვანებით. თუმცა, არც გაჰკვირვებიათ, მათ ის უკვე გამოტირებული და განწირულ ადამიანთა რიცხვში ჰყავდათ შეყვანილი – დან დაბრუნებული, 22 წლის, გენერლის შვილი ყაზბეგი ხომ მწემსად წავიდა…

ახლა კიდევ თეატრი და ყაზბეგის დეიდები – თარხნიშვილის ქალები მოსთქვამდენენ: ვაი, სირცხვილო, გენერლის შვილი და ჯამბაზი… არც ყაზბეგები იყვნენ მშვიდად: „მამამისს რომ წამოახედა და თავისი ბიჭის ბერიკაობა ენახა, გადაირეოდა…“

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ