რეზო კიკნაძის მამა – მებრძოლ კაცს, გინდაც ომში წავიდეს, არ ეშინია – არც რეზოს ეშინია

მებრძოლ კაცს, გინდაც ომში წავიდეს, არ ეშინია. არც რეზოს [ეშინია] , – ამის შესახებ რეზო კიკნაძის მამამ, ილია კიკნაძემ განაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
„რეზომ დარეკა [და გვითხრა], რომ „არ შეგეშინდეთ, არ იტიროთ, მე რაც მინდოდა, ვუთხარიო“. მხნედ არიან, ვაჟკაცები არიან. გაუმარჯოს მებრძოლ, ვაჟკაც ბიჭებს!“,- განაცხადა რეზო კიკნაძის მამამ.
ანდრო ჭიჭინაძის მამამ, ოთარ ჭიჭინაძემ კი აღნიშნა, რომ გაურკვევლობაში იყვნენ 9 თვის განმავლობაში.
„ახლა ვიცით, რა განაჩენი დადგა. უნდა დაველოდოთ წელიწადი და სამი თვე. როდესაც ბოლო კონტაქტი გვქონდა, ანდრომ დედას უთხრა, იმისთვისაც ვარ მზად, ბევრი წელი მომისაჯონო. რაც არის, ეს არის. კიდევ კარგი, ვიცით რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნავს ანდრო ჭიჭინაძის მამა.
ცნობისთვის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გალუსტაშვილის განმარტებით, დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: თავის ტვინის სიმსივნით 8 წელი პატიმრობაში… მოსამართლემ ამ ადამიანს თავისუფლებასთან ერთად ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის მოპარვაც სცადა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა