ლელო – ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროევროპული აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის ციხიდან დაწერილ წერილს პასუხობს და სთხოვს, “არ აჰყვეს დეზინფორმაციას”.
“პოლიტპატიმარ რეზო კიკნაძის წერილი წავიკითხე. ჩემი მამა-შვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას. ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს, გათიშვით, პროვოკაციით, დაპირისპირებით… ან რა საქმე მაქვს მე საკნის შეცვლასთან, ან ციხესთან?
მაკრიტიკე რამდენიც გინდა, სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. ისე, დიდი ალბათობით, მეც დამიჭერს და შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ. ბევრი დრო გვექნება ვისაუბროთ და შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან. მთავარია, კარგად ვიცოდეთ, სად და ვინ არის მტერი და ვინ მოკავშირე.
რეზო კიკნაძე წერილში წერს, რომ საკნიდან “იმის გამო გაწიეს, რომ თურმე, მამუკა ხაზარაძე არ უნდა გაეკრიტიკებინა”.
“ჩემი საკნიდან, საკანი 84-დან იმის გამო გამწიეს, ანუ საფუძველი ის იყო, რომ თურმე ხაზარაძე არ უნდა გამეკრიტიკებინა, ღმერთი ხელშეუხებელია და არავინ აკრიტიკებსო. მე ახლაც მშვენივრად ვარ, სადაც ვარ, ისევ ის ინანებს ჩემთან ასეთ არაკაცურ მოქცევას. ჩემი სინდისი კვლავ შეურყვნელია. არადა რეალურად არც კი მიხსენებია ვინმე, ხაზარაძის გაკრიტიკებად ის ჩამეთვალა ოქრუაშვილის დაჭერის მეორე დღეს, სასამართლოზე რომ ვთქვი, გირაო არავინ გადაიხადოს, ეს თანამებრძოლის მიტოვება და ბრძოლის ველიდან გაქცევაათქო. ხო იცით, სიმართლის თქმას არსად და არასდროს ვერიდები, პირიქით, ჩემი მთავარი მიზანიც ისაა, უსამართლობას არ დავუხარო თავი, ვინც ეგუება და უხრის, იმან იდარდოს. შენ რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის იმდენი, რაც მამუკამ გააკეთა და როგორ ბედავ მასზე რამის თქმასო, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მართლა ასეთი სიტყვები მივიღე. მეგობრებო, ჩემი მცირე ცოდნა ამდენს ვერ სწვდება და იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ, რა გააკეთა ხაზარაძემ ქვეყნისთვის ამისთანა, ხმის ამოღებაც რომ არ შეიძლება, თუნდაც ჩემნაირი პატარა კაცისგან, გარად იმისა, რომ გირაო გადაიხადა, რათა არ დაეჭირათ და თვითმმართველობის ვაიარჩევნებში აპირებს გასვლას?
არადა თუნდაც 3 თვის წინ ვფიქრობდი “ლელოსთვის” მიმეცა ხმა, როცა ამის დრო მოვიდოდა, დღეს კი ჩემი ოჯახიდან 4 ხმა დააკლდათ და კიდევ რამდენი ასეთი 4 ხმა დააკლდებათ მსგავსი არაკოლეგიალური და ქოცების წისქვილზე წყლის დამსხმელი ნაბიჯებით.
“ბოიკოტის მერე რა ხდებაო” რა სულელური შეკითხვაა, ბოიკოტი იქამდე გრძელდება, სანამ მოთხოვნას არ დაგიკმაყოფილებენ და დროის სვლასთან ერთად უფრო მძაფრ სახეს იღებს, აბა თუ ის არ შეგისრულეს, რასაც ითხოვდი, შენ რატომ ასრულებ მათ მოთხოვნას ამ შემთხვევაში არაფრისმომცემ თვითმმართველობის არჩევნებში გასვლას? არაფრისმომცემს ჩვენთვის, თორემ მათთვის ლეგიტიმაციის მიმცემს. უფრო საინტერესო ისაა, თვითმმართველობის არჩევნებს რომ წააგებთ ან თუნდაც ორ ოლქს მოიგებთ, მერე რა ხდება? ის ორი პარტია არ გადის, ვინც ყველაზე მეტი ხმა აიღო ოპოზიციიდან წინა არჩევნებში და მე-3, მე-4 ადგილებზე გასულ პარტიებს, რომლებსაც კიდევ უფრო შეუმცირდებათ ამომრჩეველი ამ მოღალატეობრივი ქმედებით, რისი იმედი აქვთ?
ჩვენი მიზანი ის უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება ცოტა ხალხი მისულიყო ამ ვითომ არჩევნებში და ბარიერგადალახულ პარტიებს არ მიეღოთ მონაწილეობა და მისი არალეგიტიმაცია ამით გაგვემართლებინა. მოდი პირველი მიზანი კვლავ დავტოვოთ ძალაში და არმისვლით ვაგრძნობინოთ, სად არის ხალხის რეალური ძალა”, – წერს რეზო კიკნაძე წერილში.
