რეზო კიკნაძე – ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე – განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ

ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საპატიმროდან ავრცელებს.
კიკნაძე ვრცელ წერილში წერს, რომ სასამართლოსთან ერთი თხოვნა აქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებს, კონკრეტულად თქვას, ვინ რა დააშავა, „ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე“.
კიკნაძე საქმის პროკურორებს და „ეშმაკის პროკურორად“ მოიხსენიებს და მიმართავს: „ოდესღაც, როცა გამოვალთ ციხიდან — მზად ხართ ამისთვის, პროკურორებო?“
„ანტონის რვა წელმა დამცა, ჩვენს ორ წელზე გრძნობაც არ მქონია. ორი წელი კი არა, ორი დღეც არ გვეკუთვნოდა, ამიტომ გამოდით ყველანი გარეთ. მე ოცი წელიც გავძლებ ქვეყანას თუ დასჭირდა, მაგრამ ამდენი თვითნებობის ნორმალურად აღქმა არ შეიძლება. ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე. რაც ხვალ უნდა მეთქვა, ბარემ აქ დავწერ.
ერთი თხოვნა მაქვს: სასჯელს რომ გამოაცხადებთ, კონკრეტულად გვითხარით ვინ რა დავაშავეთ. ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე. ზოგადად, ვიღაცამ შენობა დააზიანა, მაღაზია ჩალეწა თუ ვინმეს რაღაც გაარტყა თავში, ეგ მე არ მეხება და სხვის დანაშაულს ჩემთან ნუ ახსენებთ. თუმცა პროტესტის უფლება ყველას აქვს და დანაშაულს მხოლოდ მათ კისერზეა, ვინც ამ პროტესტს აღშობს. შესაბამისად, ჩემთვის არც ეგ ჩალეწილი შუშა და დამწვარი ნაგვის ურნაა დანაშაული, მაგრამ მე ეგეც არ ჩამიდენია – ფაქტია.
სანამ დამიჭერდნენ, რამდენიმე ხნით ადრე ვუყურებდი ფილმს „ეშმაკის ადვოკატი“. ადვოკატთან ერთად განვიხილავდი ზოგად საკაცობრიო საკითხებს. დილემა მდგომარეობდა შემდეგში: კარგი ადვოკატობა და პროფესიონალიზმი გაძლევს უფლებას ბოროტმოქმედი, მკვლელი და თუნდაც ეშმაკი დაიცვა? ერთის მხრივ, შენ საკუთარ პროფესიას ემსახურები და ვალდებული ხარ პირნათლად შეასრულო შენი მოვალეობები. და როცა ერთი საქმეც არ გაქვს წაგებული და საუკეთესო ხარ, წესით კარგის მეტი ამაში არაფერი უნდა იყოს. თუმცა, მეორემხრივ, თუ შენი უმაღლესი პროფესიონალიზმის წყალობით მკვლელს გამოუშვებენ და გაამართლებენ, განა შენს სინდისზე არ იქნება ეს მკვლელობები, რასაც იმის გამო ჩაიდენს, რომ შენ მკვლელი გაამართლე?
და რა შუაშია ეს ყველაფერი ჩვენთან? ჩვენი ადვოკატები, პირიქით — ეშმაკისგან დევნილებს იცავენ. აქ ადვოკატის ნაცვლად პროკურორი უნდა ჩავსვათ. ჩვენ გვყავს ეშმაკის ადვოკატები. ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო კაცმა — თუნდაც შენი სამსახური გავალებდეს? მოღალატე, სამშობლოს გამყიდველთა ინტერესებსაც უნდა წარმოადგენდე? ფილმს რომ აწი იღებდნენ,ეშმაკის პროკურორის როლს შეასრულებდა კიანუ რივზი, ჩვენი პროკურორის მაგალითზე.
ახლა, როცა შენი მთავრობის ბრძანებით უდანაშაულო ხალხი დასაჭერად ყველაფერს აკეთებ და შუაზე იხევი, მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო იმ მკვლელობებზე, რომელიც ამას მოჰყვება შენ გამო? იმ ოჯახის წევრებზე, ჩვენზე ნერვიულობას რომ გადაყვებიან? მომავალში კვლავ იმ უსამართლოდ დაჭერილ ხალხზე, რომელთაც იმიტომ დაიჭერენ, რომ ასე გაუვიდათ ჩვენი დაჭერა? სამართალი არ აღსრულდა და ვიღაცამ რომ თითი დაატკაცუნოს, სასამართლოც კი ამ თითის დატკაცუნებაზე ამუშავდა. პატიოსანი და ცხოვრებაში კანონდარღვევა რომ არ ჰქონია, ასეთი ადამიანების გაბოროტებას რა შედეგი მოჰყვება? ოდესღაც, როცა გამოვალთ ციხიდან — მზად ხართ ამისთვის, პროკურორებო?
რის ფასად გიღირთ ეშმაკს ემსახუროთ? ერთი კარგად დაიმახსოვრეთ: ციხეს ორი კარი აქვს და იქიდან ისეთი აღარ გამოდის ადამიანი, როგორიც შევიდა, მაგრამ გამოდის.
ვაჟა, რო გიყურებ, დოსტოევსკის ერთ-ერთ ნაწარმოებს მაგონებ, შინაარსით არა, უფრო სათაურით. აწი რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენ მთელი ცხოვრება დარჩებით ეშმაკის პროკურორებად. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, უბრალოდ იფიქრეთ ჩვენს მშობლებზე და ოჯახის წევრებზე. ბოლოს მინდოდა დამესრულებინა იმით, რომ საქართველოა და სამაჩაბლოც საქართველო.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჯგუფურობა წერია ჩვენს ბრალში, თუნდაც გადაკვალიფიცირებულში. განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ. როგორ შეხვდა ჯავახა თავის განაჩენს? საკანში რომ შემოვიდა, ოლე ოლა ვიმღერეთ”, – წერს ის.