რეზო კიკნაძე: ხელები შორს ბატონი პაატასგან. ერთადერთი, ვის ნათქვამშიც ქმედით ნაბიჯს ვხედავ, პაატაა და მასაც ნუ დაუწყებთ ტალახის სროლას

პოლიტპატიმარი რეზო კიკნაძე:
“ხელები შორს ბატონი პაატასგან. ერთადერთი, ვის ნათქვამშიც ქმედით ნაბიჯს ვხედავ, პაატაა და მასაც ნუ დაუწყებთ ტალახის სროლას.
პროტესტს ხალხი იმიტომ დააკლდა, რომ აზრს ვეღარ ხედავენ უმოქმედოდ დგომაში.
პროტესტს ხალხი იმიტომ დააკლდა, რომ ბოლო პერიოდის ყველა შეკრება რამდენიმე საათში დაიშალა.
პროტესტს ხალხი იმიტომ დააკლდა, რომ სახლში წასვლის პერსპექტივით აღარ უნდა გამოსვლა ბევრს და უშედეგოდ ჩავლილი მორიგი დღის ხილვა.
კონცერტი ხომ არაა, მიხვიდე და ისევ უკან წახვიდე მოთხოვნის გარეშე, ამიტომ, რა თქმა უნდა, აუცილებელია კონკრეტული თარიღის დაკიდება, დედლაინი, ულტიმატუმი, მოთხოვნა, რომლის შესრულებამდეც არ წახვალ და იქ იდგები.
მიკვირს კიდეც, აქამდე როგორ არ დაყენებული ულტიმატუმი. რუსულ რეჟიმს აჯანყების, ფიზიკური ბრძოლის და შეტევის გარეშე უბრალოდ ვერ დაამარცხებ.
რევოლუცია არ ნიშნავს სამოქალაქო ომს, ჩვენ ყოველთვის მშვიდობით ვდგავართ ისედაც, სანამ იქითა მხრიდან არ არღვევენ ამას მოძალადე დაქირავებულები და ამჯერად, როცა დაარღვევენ, გაქცევის ნაცვლად, ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ და აქეთ შევუტიოთ, აქეთ შევაშინოთ, რომ ვეღარ გაბედონ ძალის გადამეტება, დავანახოთ, სად არის ძალა.
ფაქტია, რომ დროში ზედმეტად გაწელილი პროტესტი ისევ იმათ აძლევს ძალების მოკრების საშუალებას და ჩვენ გვაკლებს ხალხს. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შთააგონო თანამებრძოლებს, რომ რომელიმე კონკრეტული დღე იქნება შედეგის მომტანი, წინა ბევრისგან განსხვავებით, რათა გამოვიდნენ და უიმედობის მიზეზით არ დარჩნენ სახლში.
აბა, ყველა შეკრებაზე თუ სადღეგრძელოები უნდა იკითხოთ და რამდენიმე საათში უკან გააბრუნოთ საბრძოლველად გამოსული ხალხი, საბრძოლველად გამოსული ამხელა მასა, როგორც ბევრჯერ მოხდა — დამღუპველი და მუხტის მოტივაციის დამგდები ეს არ გგონიათ?და პაატას და ხაბეს მოწოდება გგონიათ პირიქით მტრული?
დარწმუნებული ვარ, პაატა დღეს, 4 ოქტომბრის მერეც და 4 ოქტომბრამდეც, ყოველთვის პროტესტის არდში იქნება.
ამიტომ უბრალოდ მხარი აუბით, სიტყვები ქმედებად გარდასახეთ და ნუ ცდილობთ იმ ადამიანის გაშავებას, ვინც ცდილობს მაინც.
რა თქმა უნდა, 4 ოქტომბრამდე გულხელდაკრეფილი ჯდომა და იქამდე არაფრის კეთება, მხოლოდ ამ თარიღის ლოდინი — ყველაზე დამღუპველი იქნება (როგორც, მაგალითად, რუსული კანონის მიღების მერე ვიღაცეებმა სთვის დალოდება რომ გადაწყვიტეს და პროტესტი ივნისში დაშალეს) მაგრამ ეს არც არავის უთქვამს და არც არავინ აპირებს. პროტესტი იქნება ყოველდღე და 4-ში პიკში შევა.
4 — ულტიმატუმის თარიღია, რომელიც აქამდეც უნდა დამდგარიყო, მაგრამ რატომღაც არავის მოუფიქრებია.
ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ პაატას და გთხოვთ, შხამის შენიანზე ნთხევის ნაცვლად მთელი რესურსი იქითკენ მიმართეთ, რომ 4 ოქტომბერს რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოვიდეს გარეთ.
4-ში დაწყებული დასასრულის დასაწყისით თუ არაფერი დასრულდა, ეს კი არ ნიშნავს, რომ პაატას ბრალია — ეს ნიშნავს, რომ საკმარისად ვერ შთააგონეთ ხალხს, ანუ საკმარის ხალხს ვერ შთააგონეთ, დამხობის ფიქრით და სურვილით გამოსულიყო.
ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყოველდღე, ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე.
P.S. — სასამართლოზე მოსულ ყველა ე.წ. მოწმე პოლიციელს რამდენიმე დიდი საერთო ჰქონდათ, და ერთ-ერთი იცით რა არის? უკლებლივ ყველამ განაცხადა: სანამ ჩვენ მივიდოდით, აქცია მშვიდობიანი იყო და არანაირი არეულობაო.
ანუ რა გამოდის? თავიანთი პირით თქვეს — არეულობა მაგათი მოსვლის მერე დაიწყო, არეულობა მათ დაიწყეს.
ამიტომ კვლავ გავიმეორებ — ჩვენი პროტესტი ისევ იქნება მშვიდობიანი, თუმცა იქამდე, სანამ მეორე მხარიდან არ დაარღვევენ ამ მშვიდობას.
სახარებაში წერია: ერთს რომ გაგარტყამენ, მეორე ლოყა მიუშვირეო. მესამე ლოყაზე იქ არაფერია ნათქვამი.ჩვენ მეორეც მივუშვირეთ უკვე და მესამეც. მეოთხის მიშვერას აღარ ვაპირებთ.
საკმარისად გვცემეს — ახლა ჩვენი ჯერია, შეტევაზე თავისუფლებისთვის.
4-ში, ქვეყნის დასაბრუნებლად და რეჟიმის დასამხობად ნამდვილი ბრძოლა რომ იქნება, ლელომ და გახარიამ არჩევნობანა უნდა ითამაშონ?
ანუ ხალხის მხარეს იდგებიან 4-ში თუ ქოცების — ეგ მაინტერესებს.”